ახალი ამბები
ნადარბაზევში 18 კმ-იანი არხი იწმინდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზში ის არხი იწმინდება, რომლითაც ოკუპირებული სოფლებიც სარგებლობს. სამუშაოებს შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.

სარწყავ არხში წყალი ნადარბაზევის წყალსაცავიდან მიედინება. ირწყვება როგორც ოკუპირებული სოფლები, ასევე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიც - გორსა და კასპში.

,,სამუშაოები ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 18 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას. ჩატარებული სამუშაოები შედეგად სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. '' - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მხოლოდ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებზეა საუბარი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 287 777 მლნ ლარია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სარწყავი წყალი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებშიც მიედინება. არაოფიციალური წყაროებით ცნობილია, რომ ნადარბაზევის წყალსაცავში წყალი იქაჩება და გროვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ტირიფინის არხიდან, ხოლო სამაგიეროდ, წყალსაცავიდან წყალი დაახლოებით 33 სოფელზე ნაწილდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები