ახალი ამბები
სასამართლომ 2000 ლარით კასპის საკრებულო დააჯარიმა
გორის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო სცნო. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა კასპის სალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თხოვნა დააკმაყოფილა და 2000-ლარიანი ჯარიმის ქვითარი სამართლიანად მიიჩნია. თავის მხრივ, კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჯარიმო ქვითარი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის საფუძველზე შეადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჯარიმას გადაიხდის არა კონკრეტული თანამშრომელი, რომელმაც სამართალდარღვევის ფაქტი ჩაიდინა, არამედ მთლიანად უწყება.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი კასპში ირმა კიტრიაშვილი იხსენებს, რომ მსგავსი შემთხვევა წინა წლებშიც მოხდა, თუმცა იმ პერიოდში ჯარიმა კონკრეტულ პირს დააკისრეს, ამჯერად კი, სასამართლოზე ფეისბუქის გვერდის ,,მმართველი'' ვერ გამოავლინეს.

თანხა, 2000 ლარი იმ ხარჯებს მოაკლდება, რომლითაც დეპუტატები (როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები) სარგებლობენ.

სასამართლო სხდომაზე საკრებულოს ინტერესებს იცავდა იურისტი ზურაბ კოპაძე. მან განაცხადა, რომ საკრებულოს გვერდი, სადაც კალაძისა და გახარიას წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ, ინფორმაცია განთავსდა, არ წარმოადგენს ოფიციალურ გვერდს და არ იციან ვინ მართავს მას.

შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების" შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსდა მაშინ, როდესაც არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადებული იყო, შესაბამისად, სექტემბრის დასაწყისში, ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ, რაიმე ინფორმაციის განთავსება საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნიეს.

კითხვაზე, თუ ვინ მართავს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდს, საკრებულოს იურისტმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ვერ მოიძია, არც რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს, რომლითაც ვინმე პირს, სოციალურ ქსელში, მენეჯერის ფუნქცია აქვს შეთავსებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები