ახალი ამბები
,,ჩემი გორი" - ახალი კლიპი ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გამოაქვეყნა
არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიორგი (გიგი) ხოჯევანიშვილმა ახალი კლიპი გამოაქვეყნა. მასში გორის ქალთა გუნდის წევრები, ასევე, მომღერლები: ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი და დავით ნადიბაიძე მონაწილეობენ. დავით ნადიბაიძე გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
კლიპში გადაღებულები არიან როგორც გორის სპორტსკოლის წევრები, აგრეთვე, ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები..

,,ე.ი. იმ 9 წელში რაც გაკეთდა, იმას აჩვენებენ. ამას დამატებული მომღერლები, რომლებიც უდაოდ მაგრად მღერიან, მახსოვს იმ 9 წელში, სად და ვის უმღეროდნენ'' - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, თეონა ფანქველაშვილი.

კლიპის დიდი ნაწილი ციხის უბანშია გადაღებულია, რომელიც 2012 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინიტიატივით გარემონტდა და განახლდა. ხოლო 4-წუთიანი კლიპის, რომლის სახელწოდებაა ,,ჩემი გორი", თითქმის 2 წუთი გადაღებულია უფლისციხეში.

გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი, გელა კაპანაძე ამბობს, რომ კლიპის მომზადებაში მერიას მონაწილეობა არ მიუღია:

,,კლიპში შესაძლოა თქვენი თანამშრომლები მონაწილეობენ, მაგრამ ფინანსური კუთხით ჩვენ რაიმე თანხა არ გაგვიღია. როგორც დავით ნადიბაიძემ მითხრა, სიმღერის განახლების იდეა მას ეკუთვნის." - ამბობს გელა კაპანაძე
.



რატომ გამოქვეყნდა კლიპი არჩევნებამდე ორი დღით ადრე, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ამ კითხვით მაჟორიტარი კანდიდატის პრეს-სამსახურს მივმართეთ:

,,2-3 დღე იქნება გასული, რაც კლიპის მომზადება დასრულა. გიგის ინიციატივა იყო, რომ ახალი არანჟირებით გაცოცხლებულიყო ეს სიმღერა. სიმღერა დიდი ხანია ჩაიწერა, პანდემია სანამ დაწყებოდა იქამდე, იანვარი იყო მგონი. კლიპის გადაღება კი სიმღერის ჩაწერის შემდეგ გადაწყდა. გარკვეული პერიოდი ამ პანდემიამ დააპაუზა’’ - გვითხრა მაჟორიტარი კანდიდატის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა.

პრეს-სამსახურის თქმით, კლიპის გამოქვეყნება ნებისმიერ კანდიდატს საკუთარ გვერდზე შეუძლია:

,,ეს კლიპი კომპოზიტორმა და ტექსტის ავტორმა გორელებს აჩუქა. შესაბამისად, ყველას შეუძლია მისი გამოყენება, თუ რა თქმა უნდა, სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენებს“ - გვითხრა ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის წარმომადგენელმა.


ქვემოთ: ,,ჩემი გორის" ძველი ვერსია

Print

სტატიის გამოყენების პირობები