ახალი ამბები
გორის ორი მოსამართლის განმარტებები ოპოზიციის საჩივრების არდაკმაყოფილების შესახებ
გორის სასამართლომ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ..ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლის საჩივრები არ დააკმაყოფილა. პარტიის წარმომადგენლები გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებების, ხოლო უბნების შემაჯემებელი ოქმების გაუქმებას ითხოვდნენ.

მოსამართლეებმა, ნინო გერგაულმა და დავით პაპუაშვილმა განმარტეს, რომ გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განკარგულებები საფუძვლიანია და მასში რაიმე კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

2020 წლის 2 ნოემბერს ,,ენმ"-სა და ,,ლელოს" წარმომადგენლებმა გორის საოლქო კომისიას მიმართეს თხოვნით, რათა გაუქმებულიყო 50-ზე მეტი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები.

2020 წლის 5 ნოემბერს, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობა არაუფლებამოსილმა პირებმა მოითხოვეს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა არაუფლებამოსილ პირებად - ანა ჯებისაშვილი და რევაზ გოგიაშვილი მიიჩნია.

ანა ჯებისაშვილმა, უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობა, ,,ენმ - გაერთიანებული ოპოზიციის"" სახელით, ხოლო რევაზ გოგიაშვილმა - ,,ლელო საქართველოსთვის" სახელით მოითხოვა.

Qartli.ge-ს ხელთ აქვს ორივე მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებმაც, პრაქტიკულად, ერთი და იგივე შინაარსის საკითხზე იმსჯელეს.

დავით პაპუაშვილი:

დადგენილია, რომ გორის საოლქო სარჩევნო უბნების კენჭსყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა არა პარტიამ (,,ლელო საქართველოსთვის"), არამედ პარტიის წარმომადგენელმა.
რევაზ გოგიაშვილი არ იყო უფლებამოსილი, დაეყენებინა საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა; ეს უფლება გააჩნდა მხოლოდ პარტიას, რომლის წარმომადგენელიც იყო იგი საუბნო საარჩევნო კომისიაში.

მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედევით, საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის უფლებამოსიფლება წარმომადგენლებისთვის მინიჭებული არ არის.

პარტიის წარმომადგენელს აქვს საჩივრით მიმართვის უფლებამოსილება მხოლოდ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე განხორციელებულ მოქმედებაზე, ხოლო კენჭისყრის შედეგების შემაჯემებელი ოქმების გასაჩივრების უფლება უშუალოდ საარჩევნო სუბიექტს (ამ შემთხვევაში პარტიას) აქვს.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტის უფლებამოსილება ცნობად იქნება მიღებული, ამოქმედდება საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია, სადაც წერია, რომ უბნების შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნა, წარმომადგენლებსაც ექნებათ.

ნინო გერგაული:

სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსი ამომწურავად განმარტავს სასამართლოში და საოლქო კომისიაში სარჩელის შეტანის უფლების მქონე პირთა წრეს. კანონი იმპერატიულად კრძალავს ამ პირთა წრის გარდა, სხვა პისი მიერ საჩივრის განხილვას.
კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს საარჩევნო სუბიექტს და მის წარმომადგენელს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ უფლებამოსილების სარგებლობისას.

საარჩევნო სუბიექტებია - არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მათი წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა.

სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის მოწმობით საჩივრის შემტანს გააჩნდა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებზე და მათ შორის 32-ე გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში გარკვეული ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება, მაგრამ არა საარჩევნო სუბიექტის სახელით საჩივრის ან განცხადების წარდგენა, რც სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას საჭიროებს.

საარჩევნო სუბიექტს რომ ესარგებლა გასაჩივრების უფლებით, მას მინდობილი პირისთვის უნდა მიეცა რწმუნებულებით განსაზღვრული, კონკრეტული უფლებამოსილება.

ნინო გერგაული ყურადღებას ამახვილებს იმ მინდობილობაზე, რომელიც შემდეგომ, სასამართლოში გასაჩივრებისას, ,,ენმ"-ს ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა წარადგინა სასამართლოში. სწორედ, თამარ თედლიაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას სახელით, ითხოვდა საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გაუქმებას და შემაჯამებელი ოქმების ბათილობას.

,,აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარი რწმუნებულებით მომართა სასამართლოს საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას"-ს წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა, რომლის მეშვეობით მას მიენიჭა უფლებამოსილება შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის:

მარწმუნებლის სახელით შეიტანოს განცხადება ან სარჩელი სასამართლოში, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, გაეცნოს საქმის მასალებს, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

შეგახსენებთ, გორი-კასპის ოლქში, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ჩატარებულ არჩევნების შედეგად, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება) - 41 335;
ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 20 790;
კობა მაზანაშვილი - *პატრიტთა ალიანსი' - 29 40;
ირაკლი ოქრუაშვილი - 2623
პაპუნა კობერიძე (ლელო საქართველოსთვის) - 2495
ლევან თარხნიშვილი (ევროპული საქართველო) - 2205
Print

სტატიის გამოყენების პირობები