ახალი ამბები
პროტესტი გიორგი ხოჯევანიშვილის გამარჯვებულად გამოცხადების ფონზე
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები შენობასთან იმ დროს მივიდნენ, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმს ადგენენ.

საბოლოო შედეგები ასეთია:

გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება) - 41 333 (55,58%)
ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 20 790 (27,96%)
კობა მაზანაშვილი (პატრიოტტა ალიანსი) - 2940 (3,95%)
ირაკლი ოქრუაშვილი (ირაკლი ოქრუაშვილი - ერთიანი საქართველო) - 2623 (3,53%)
პაპუნა კობერიძე (ლელო საქართველოსთვის) - 2495 (3,36%)
ლევან თარხნიშვილი (ევროპული საქართველო) - 2205 (2,97%)

საპროტესტო აქციაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ლელო საქართველოსთვის" წევრები იქნებიან. ეს ის პარტიებია, რომელთა საჩივრები გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომრემ არ დააკმაყოფილა.

თავმჯდომარის განკარგულებები სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა გორის სასამართლოს მოსამართლეებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებები კანონიერად მიიჩნიეს და ძალაში დატოვეს.

გაერთიანებული ოპოზიციის საჩივრების არდაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დავა არაუფლებამოსილმა პირებმა დაიწყეს.



რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს:

გორი-კასპის ოლქში მმართველმა გუნდმა ხმების 52% მოიპოვა. ამის შესახებ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობები ადასტურებს.

129 უბნიდან დათვლილია 125. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

1 ადგილი: ქართული ოცნება - 38 371 (52.00%)

II ადგილი - ,,ნაციონალური მოძრაობა'' 20 547 (27.84%)

III ადგილი - პატრიოტთა ალიანსი - 2897 (3.93%)

IV ადგილი - ,,ევროპული საქართველო'' - 1759 (2.38%)

V ადგილი - ,,ლელო" 1634 (2.21%)

31 ოქტომბრის 20 საათის მონაცემებით, გორი-კასპის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 20 საათის მონაცემებით 57.25%-ია. საარჩევნო უბნებზე 77 743 მოქალაქე მივიდა. სულ მაჟორიტარულ ოლქში 135 795 ამომრჩევლია რეგისტრირებული.

მაჟორიტარულ ოლქში აქტივობა ასე ნაწილდება: გორის უბნები - 54 962 (საერთო ამომრჩეველი - 95 921); კასპის უბნები - 22 781 (საერთო ამომრჩეველი - 39 874)
Print

სტატიის გამოყენების პირობები