ახალი ამბები
ხაშურის მერმა თანამდებობა დატოვა
ხაშურის მერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:
,,მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ.

სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს - ჩემს ხაშურელებს გამოჩენილი ნდობისთვის, ასევე, ჩემს თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა უკვე ჩემს გარეშე განაგრძობენ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას.

ამასთანავე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა, ვრჩები "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ "ქართული ოცნება" იქნება მმართველი ძალა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც!პატივისცემით, გიორგი გურასპაშვილი" - წერია განცხადებაში.

მერიის პრეს-სამსახურმა გვითხრა, რომ განცხადება ნამდვილია და გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა ნამდვილად დატოვა.

თანამდებობიდან გიორგი გურასპაშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 1 ნოემბრიდან ვრცელდა.

1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ ხაშურში არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო. ,,მთავარი არხის" ინფორმაციით, ზაალ დუგლაძემ წაგება ხაშურის მერს დააბრალა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები