ახალი ამბები
გორის მერი გარეტრენაჟორების დაგვიანების გამო ფლაველების უკმაყოფილებას ელოდება
გორის მუნიციპალიტეტის მერია ფიქრობს, თუ ახალ წლამდე, ფლავის მოსახლეობას ფიტნეს ტრენაჟორებს არ დაუდგამს, ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. 

ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა ოფიციალურად შესყიდვების სააგენტოს აცნობა. წერილის მიხედვით, 2020 წელს, ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. 

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები შერჩეულია უშუალოდ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, კრების ოქმით დამტკიცებული, ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც სესნსიტიურია სოფლის მოსახლეობისათვის. შესყიდვის უარყოფითი შედეგით დასრულება გამოიწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას." - აღნიშნულია მერიის წერილში.

გორის მერიის შესყიდვების სამსახურში აცხადებენ, რომ ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, მესამედ ტენდერის გამოცხადება მიზანშეუწონელია, რადგან ტრენაჟორების დადგმას 2 თვე დასჭირდება. გადაუდებელი აუცილებლობით კი, - ერთი თვე.

,,ტენდერის პროცედურა ხელშეკრულების გაფორმებამდე მოითხოვს მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, გარდა ამისა წინაწარ ვერ იქნება განსაზღვრული ტენდერის საბოლოო შედეგი. საქონლის მიწოდების ვადა არის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, რაც ჯამში 60 (სამოცი) კალენდარული დღეა. ამ შემთხვევაში საქონლის მიწოდების ვადა გადავა 2021 წელში, რაც გამოიწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას." - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები