ახალი ამბები
გორში ყაჩაღობის ბრალდებით 3 მოზარდი დააკავეს
ძალადობისა და მუქარის გამოყენებით სხვისი ნივთის დაუფლების ფაქტზე, გორში 3 მოზარდი დააკავეს. ისინი გუშინ გორის შს სამმართველოში დაიბარეს და ბრალი წაუყენეს.

დღეს კი პროკურორმა ნიკოლოზ მახარაძემ შუამდგომლობით გორის სასამართლოს მიმართა და პატიმრობა მოითხოვა.

მოზარდებს სახაზინო ადვოკატი, ქეთევან გაგოევი იცავს. მისი თქმით, უმჯობესია დეტალებზე არ ისაუბროს, რადგან მიაჩნია, რომ პრობლემაზე საუბარი უფრო მეტად დააზარალებს მოზარდების ინტერესებს. ,,ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მათ არავითარი შეხება აქვთ იმ ფაქტთან, რაც გორის ცენტრში მოხდა. ვითომ მანქანა რომ გაიტაცეს. სულ სხვა საქმეზე არიან დაკავებული მოზარდები" - ამბობს ქეთევან გაგოევი.

მოზარდები გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. ამ სოფლის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ 9-კლასდამთავრებულების შესახებ, არც პოლიცია და არც სოციალური მუშაკი სასწავლო დაწესებულებას საქმის კურსში არ აყენებს.

სოფელში ამბობენ, რომ ყაჩაღობის ფაქტი მათთან არ მომხდარა, ხოლო ყურმოკვრით აქვთ გაგებული, რომ დანაშაული, რომლის ჩადენაშიც მოზარდებს დასდეს ბრალი, სხვა სოფელში მოხდა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი კომენტარს არ აკეთებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები