ახალი ამბები
ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო ხმის უფლება დაუკარგეს - სოფელი საციხური
89 წლის ნუნუ ცაბაძე ქარლის რაიონში სოფელ საციხურში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცს სიარული უჭირს და სახლიდან ვერ გადის. სმენა დაქვეითებული აქვს. როგორც ამბობს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ძალიან უნდოდა, თუმცა არც ყუთი მოუტანეს და არც მანქანა გამოუგზავნეს საარჩევნო უბანზე მისასვლელად.

"როგორც ვცხოვრობ, ხომ ხედავთ? ყველაფერს ახალგაზრდის ხელი უნდა. გატეხილია სახურავი და წყალი ჩამომდის. ვერაფერს ვაკეთებ ყველანაირად შეზღუდული ვარ. მარტო ვცხოვრობ, მეუღლე გარდაიცვალა. ექვსი შვილი მყავდა, სამი გარდაიცვალა. ერთი რუსეთში წავიდა, არეულობის დროს, და არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. მას მერე არ შეგვხმიანებია. ასე ვცხოვრობ, პენსიით, ისიც ჩემს წამლებს უნდება. მაგასაც ვიღაცას დავაბარებ და ეგრე ვარ. წნევები მაქვს, გულიც მაწუხებს და წელიც მტკივა. ფულს ვაძლევ სხვებს, შეშა რომ დამიჭრან. პანდემიის დროსაც არავინ მეხმარებოდა. ამ არჩევნების წინა კვირაშიც საბჭოს გამგებელმა მაკარონი და ზეთი მომიტანა. არც წავსულვარ არჩევნებზე კი დამპირდდნენ მანქანას გამოვგზავნითო, მაგრამ აღარ გამოუშვეს. მინდოდა ხმა მიმეცა, მაგრამ ვერ ჩავედი იქამდე." - ამბობს ნუნუ ცაბაძე.

მოხუცს ყველაზე მეტად იმის გააზრება უჭირს, რომ სახლში სადაც 8 სული ცხოვრობდა, მარტო დარჩა.



სოფელ საციხურის კიდევ ერთი მკვიდრის, ნოდარ ცაბაძის 6-შვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. მათი მდგომარეობა მაშინ გართულდა, როდესაც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი კლდიდან ხრამში გადავარდა და საწოლს მიეჯაჭვა. როგორც თავად იხსენებს, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ რეანომობილით მისი თბილისში ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო.

"ყაზბეგში ვიყავი _ მონასტერში. წვიმიანი ამინდი იყო. კლდის პირზე ფეხი ამიცურდა და ხრამში ჩავარდი. ჯერ ყაზბეგის საავადმყოფოში გადამიყვანეს პირველადი დახმარება გამიწიეს, შემდეგ რეანომობილით თბილისში ჯერარსის კლინიკაში გადმომიყვანეს, სადაც ფეხებზე გამიკეთეს ოპერაცია. მკურნაობის ხარჯები დაზღვევამ დაფარა და ნაწილი მე გადავიხადე." - გვითხრმა მან.

ნოდარ ცაბაძის პრობლემები პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწო. თვითდასაქმებულს სამსახური აღარ ჰქონდა, რაც მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა. ამას ისიც დაემატა, რომ გადამოწმების მიზნით, სოციალური დახმარება სამი თვით შეუჩერეს, თუმცა ხელახალი დანიშვნისას განაცდური აღარ აუნაზღაურეს.

"14 მარტამდე ვმუშაობდი თვითდასაქმებული ვიყავი შრომის ბირჟაზე. მერე ყველაფერი რომ ჩაიკეტა დავრჩი უმუშევარი. აღარ მქონდა საქმეები ვირუსის გამო. მაგ პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა სოციალური გვქონდა მარტო და ეგეც საჭმელში არ გვყოფნის. 60 ლარი სულზე რა არის? როცა ერთი ტომარა ფქვილი ღირს უკვე მაგდენი. მერე სოციალურიც მოხსნეს და ისევ დაგვინიშნეს."

საწოლს მიჯაჭვულმა ვერც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. როგორც თავად ამბობს ყუთის მოთხოვნის მიზნით ცესკოშიც დარეკა და მის წარმომადგენელსაც მიმართა თხოვნით.



"ჩვენ გამგებელს გია ცაბაძეს დავურეკე დახმარების თხოვნით. მითხრა კი ვიცი შენი მდგომარეობა და გნახავო, მაგრამ მას მერე არ გამოჩენილა. აგვისტოს თვე იყო, რომ დავურეკე. ეს კი არა 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთი არ მომიტანეს. ცესკოში დავრეკე და გადმომამისამართეს მარინე ვართასაშვილთან. იმას ვურეკავდი, არ მიპასუხა. მერე რომ დავრეკე და ვიკითხე ყუთი რატომ არ მომიტანეთ-მეთქი, შენზე განაცხადი არ იყოო. რატო უნდა დაკარგულიყო ჩემი ხმა ? რატომ არ მიმაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა? ასეთი უყურადღებო რაიონი გვყავს. მეორე ოპერაციაც საკმაოდ ძვირი ჯდება და არ ვიცი დამაფინანსებენ თუ არა. იმისიც გვეშნია ისევ რომ ჩაიკეთოს ქვეყანა ძალიან გაგვიჭირდება. აქ მაღაზია არ არის ქალაქამდე რითი ჩავიდე სამოცი ლარი ტაქსში გადავიხადო თუ პროდუქტი ვიყიდო. - გვიყვება ნოდარ ცაბაძე.

ოჯახის მდგომარეობაზე ნოდარ ცაბაძის მეუღლე ეკა მეტრეველიც გვიყვება და ამბობს, რომ ეს ერთადერთი უბედურება არ არის, რაც მათ ოჯახს დაატყდა თავს. წლების წინ ჯერ ბოსელი დაეწვათ, შემდეგ სახლი და ახლა ცხოვრება პირველი სართულის ერთ პატარა ოთახში უწევთ.

" სახლში ხანძარი დენით გაჩნდა და უკანა მხარე მთლიანად დაიწვა, აღდგენა ვეღარ მოვახერხე, ბავშვებს ჭამა უნდა, ჩაცმა უნდა. ბევრი რამე გვიჭირს, ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, არც ტექნიკა მაქვს და არც ინტერნეტი. პატარას კი მისცეს სკოლაში კომპიუტერი, მაგრამ ინტერნეტი არ გვაქვს. სულ თავიდან რომ დაიწყეს დისტანციურად სწავლა, მასწავლებელი რეკავდა და წინასწარ აძლევდა დავალებებს. გაბრიელი, რომელიც პირველ კლასშია, ხახნდახან მეზობელთან გადადიოდა და იქიდან ერთვებოდა სასწავლო პროცესში. სანამ ჩემი მეუღლე ფეხზე იყო, მუშაობდა, არაფერს თაკილობდა, მაგრამ ჩავარდნილია და გაგვიჭირდა. ძირითადად სოციალურზე ვართ დამოკიდებულები. პროდუქტსაც მაგით ვყიდულობთ. ჩაკეტილი როცა იყო ყველაფერი, ძალიან გაგვიჭირდა ძლივს გადავიტანეთ ეგ პერიოდი." - აღნიშნა ეკა მეტრეველმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები