ახალი ამბები
ცხინვალის თეატრის დასი ახალ შენობაში გააგრძელებს მუშაობას
ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო პროფესიული დრამატულ თეატრს თბილისში ახალი შენობა ექნება. პრეზენტაცია დღეს, 2021 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, გაიმართება.

ფართი 2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, გადასცეს. ეს არის ყოფილი სპორტული სკოლა, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში აიგო,. თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, რეკონსტრუქციის პროექტი უკვე დასრულდა.

სამხატვრო ხელმძღვანლის, გოჩა კაპანაძის ცნობით, ცხინვალის თეატრის ახალი შენობის პროექტი მოიცავს რამდენიმე სცენას, სხვადასხვა ფართობის სივრცეებს და დამხმარე სათავსოებს შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისთვის.

1991 წელს ცხინვალში განვითარებული მოვლენების შედეგად ეს ერთ-ერთი უძველესი ქართული თეატრი იძულებული გახდა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაეტოვებინა ქალაქი. დასმა დედაქალაქს შეაფარა თავი. 30 წლის განმავლობაში დევნილობაში მყოფ თეატრს სახელოვანი იუბილისთვის საკუთარი შენობა ექნება, სადაც თეატრი თავის წარმოდგენებს გამართავს. 1991 წლიდან დღემდე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, თეატრს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ახალი შენობის რეკონსტრუქციის დასრულება ცხინვალის თეატრის 150 წლის იუბილეს ემთხვევა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები