ახალი ამბები
საპატრიარქოს პროტესტი: ცხინვალის სამების ტაძარში წირვა ალანიისა და ვლადიკავკაზის ეპარქიის მღვდელმსახურმა აღავლინა
ცხინვალში, საშობაო წირვას ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი სერგი კოკოევი ესწრებოდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს საპატრიარქოსთვის რუსულენოვანი საიტის, ,,სპუტნიკის' მეშვეობით გახდა ცნობილი.

აღნიშნულ ფაქტს საპატრიარქო 13 იანვარს გამოეხმაურა. განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ გაავრცელა:

მიტროპოლიტი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს და ასევე, ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს მიმართავს.

,,ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია). რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.'' - აღნიშნავს მიტროპოლიტი.

საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და შეუთანხმებლად, საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ნებისმიერი რელიგიური მსახურების ჩატარება.

,,მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის. ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.'' - წერს მიტროპოლიტი გერასიმე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები