ახალი ამბები
გორის მინი ზოოპარკი ერთი თვის შემდეგ - მერიამ ცხოველები თბილისის ზოოპარკში არ გადაიყვანა
გორის მერის დაპირება, რომლის მიხედვით, მინი ზოოპარკიდან ცხოველების ეტაპობრივად გადაყვანა მოხდებოდა, არ შესრულდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ეს პროცესი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა ერთი თვის შემდეგ, ვითარება ასე გამოიყურება.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გორის კულტურისა და დასვენების პარკის, ,,ახალბაღის'' სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ცხოველებს თბილისში ზოოპარკში დააბინავდნენ, თუმცა დათვის გარდა, მინი ზოოპარკის ცხოველები ისევ გორშია გამოკეტილი.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება (GSPSA) ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში ზოოპარკის გაუქმებას ითხოვდა.

კერძოდ, იმ პერიოდში GSPSA-ს წარმომადგენლები ქ.გორის ზოოპარკში სიტუაციის გაცნობის, ინფორმაციის მიღების და შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ.

გორში დაუყონებლივი ჩასვლის მიზეზი საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-s (People for the Ethical Treatment of Animals) საგამოძიებო დეპარტამენტის შეტყობინება გახდა.

PETA-მ საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას ქ. გორის ზოოპარკში არსებული სიტუაციის შესწავლისათვის, რეალური ინფორმაციის მიწოდებისათვის და ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებისათვის თხოვნით მიმართა.

GSPSA-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ზოოპარკში ცხოველების პირობები. ისინი დეტალურად გაეცნენ ადგილზე ვითარებას. გასაუბრება ჰქონდათ გორის პარკის დირექტორთან და ზოოპარკის მომსახურე პერსონალთან.

GSPSA-ს წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ზოოპარკი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს დატყვევებული ცხოველები. ორგანიზაციისათვის მიუღებელია ცხოველის ნებისმიერი დატყვევების ფაქტი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები