გორში, კირიონ მეორის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, ასფალტის საფარქვეშ წყალმა
გაჟონა.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი მილების
მონტაჟი. მონტაჟდება ასევე წყალშემკრები ჭა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ახალი ველობილიკი შეიწირა, რომელიც 2020
წლის დეკემბრის დასაწყისში მოეწყო.
გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს
როგორც სასმელი წყლის, ასევე, საკანალიზაციო სისტების რეაბილიტაცია.
სამსახურის წარმომადგენლის, თეიმურაზ კალმახელიძის თქმით,
რეაბილიტაციის შემდეგ, ველობილიკი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
ველობილიკი ქალაქში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში მოეწყო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გასულ წელს, თანხა იყო ასათვისებელი და წლის
ბოლომდე თანხის ხარჯვა ,,მოასწრეს".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გორის საკრებულოს წევრი ბექა
ქორჩილავა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მერიაში
პროექტებზე არაპროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. ,,კარგად ვხედავთ,
თუ რა მდგომარეობაშია ის პროექტი, რომელიც ჯერ დასრულებულადაც არ
ითვლება. მოაწყეს ველობილიკი, შემდეგ კი გადათხარეს. ამით საბიუჯეტო
თანხა არამიზნობრივად იხარჯება.'' - აცხადებს ბექა ქორჩილავა.
სტატიის გამოყენების პირობები