ახალი ამბები
კოვიდთან ბრძოლაში გამარჯვებულები - სამი ქალის ისტორია ხაშურში
,,კოვიდთან ბრძოლაში გამარჯვებულები"" - სწორედ ამ სტატუსით გვინდა გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი დროის უდიდეს საფრთხეს პირისპირ შეხვდნენ, იბრძოლეს და გაიმარჯვეს.

ისინი თავად მოგიყვებიან თუ რას გრძნობდნენ, როდესაც ვირუსს ებრძოდნენ და რატომ სჯერათ, რომ ,,მეორედ დაიბადნენ."

მარეხი ბიწაძე - 62 წლის

ყველა რეკომენდაციასაც პირნათლად ასრულებდა, თუმცა მისთვის გაურკვეველი გზით მაინც დაავადდა და მიუხედავად თანმდევი დაავადების არ არსებობისა, მძიმე გართულებებით საავადმყოფოში მაინც აღმოჩნდა.

,,როცა გავიგე, რომ კოვიდი მქონდა, მეგონა მოვკვდებოდი. თავიდან მინდოდა საავადმყოფოში მოვხვედრილიყავი, მაგრამ მერე, როცა უკვე იქ ვიყავი და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, ვთქვი, აქ თუ მოვკვდები ნეტავ ისევ სახლში ვყოფილიყავი. რომ მოვკვდები, ცელოფანში მაინც არ გადამახვევდნენ მეთქი. ეგ შიშები მქონდა. ახლაც რომ ვიგებ რომ ვინმე დაიღუპა კოვიდით, ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე,"" - გვიყვება მარეხი ბიწაძე.

იხსენებს, თუ როგორ ებრძოდა ვირუსს სახლში და როგორ მოხვდა საავადმყოფოში უმძიმესი მდგომარეობით.

,,პირველად 8 დეკემბერს დამეწყო მშრალი ხველა და შემცივნება. ვიფიქრე, გრიპი იყო და 3-4 დღეში გამივლიდა, რადგან ადვილად გადამაქვს ხოლმე. ამის ლოდინში გავიდა 4 დღე. მომემატა შემცივნება. სიცხეც მაღლა წავიდა. შემდეგ მივედი ექიმთან და ფილტვებზე არაფერი გჭირსო. დამინიშნა ანტიბიოტიკი.

ვმკურნალობდი სახლში 5 დღე. ამან შედეგი არ გამოიღო და გამირთულდა. დამეწყო ხუთვა, გულის აჩქარება. ოფლიანობა. ისევ მივედი ექიმთან და მერე მითხრა კოვიდის ტესტი აუცილებელიაო. გამიგრძელა ანტიბიოტიკი. ვრეკავდით 112-ზე და არ გვპასუხობდნენ. ამასობაში დავმძიმდი ძალიან. მერე სახლში მოვიყვანეთ და გავიკეთე ტესტი. 120 ლარი გადავიხადე და 10 ლარი კიდევ სახლში მომსახურებისა. ამ ტესტის პასუხის ლოდინშიც დავძიმდი. მერე, როგორღაც ნაცნობობით გამომინახეს ადგილი ხაშურის გორმედში და 23 დეკემბერს შევედი საავადმყოფოში.

რამდენიმე დღის შემდეგ ყური მოვკარი ექიმის საუბარს სხვა ავადმყოფს ეუბნებოდა, რომ ყველაზე მძიმე ვიყავი მათ შორის, ვინც რეანიმაციაში არ ჰყავდათ. 85% პროცენტით გათიშული მქონდა ფილტვები. ჩემთვის რომ მაშინ ადგილი არ გამოჩენილიყო, მე უკვე იმ ღამეს მოვკვდებოდი. ჩემი შვილი მიყვებოდა რომ ვიხრჩობოდი თურმე. საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე თუ მესამე დღეს ვიგრძენი შემსუბუქება."

მარეხი ბიწაძე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებაც საუბრობს და ემოციებს საუბრის დროსაც ვერ მალავს:



,,საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, ვერ გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, იმიტომ, რომ პანიკური შიშები დამეწყო. დამემართა ისტერიკა. ახლაც რომ ვუყურებ ახალ ამბებს და ვიგებ, კოვიდით გარდაიცვალაო, საკუთარ თავს წარმოვიდგენ, მეც რომ მოვმკვდარიყავი. რაც მე გადავიტანე, ეს ჩემს სიცოცხლეში არასოდეს დამავიწყდება, ისეთი უბედურება იყო. რა ცხელი ომი და რა ატომური ბომბი, ეს ისეთი ავადმყოფობაა."

კითხვაზე, თუ რა ამხნევებდა და რა აძლევდა ბრძოლის ძალას, გვპასუხობს, რომ ექიმების ყურადღება.

,,ჩემი ექიმი იყო ნათია კაკოიშვილი. ძალიან კმაყოფილი ვარ პერსონალის. ისეთ ყურადღებას ვგრძნობდი, ესეც მოქმედებდა ჩემზე და იმედს მაძლევდა, რომ მე არ მოვკვდებოდი. ეს მამხნევებდა. რომ იტყვიან, მეორედ დავიბადე."

სახლში შობას, 7 იანვარს დაბრუნდა, თუმცა კოვიდის ,,ნარჩენებს"" ჯერ კიდევ რამდენიმე თვე უნდა უმკურნალოს.''

,,მკურნალობას ვაგრძელებ. ერთი თვის თავზე ისევ ანალიზები უნდა ჩავიტარო და ექიმს ვეჩვენო. სამი თვის განმავლობაში უნდა ვაკონტროლო. ადვილად ვიღლები. გული აჩქარებული მაქვს. უჰაერობა მაქვს. მკურნალობა საავადმყოფოს შემდეგ ძალიან ძვირია. მე მაქვს ახლა ამის საშუალება, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა თქვა კოვიდით მოვკვდები, თუ წამლების გარეშე, რა მნიშვნელობა აქვსო. ახლა მე ერთი თვის წამლებში 245 ლარი გადავიხადე. სულ ოთხი წამალია. მეორე თვეს არ ვიცი, რა მკურნალობას დამინიშნავენ. პანდემიამდე არაფრის შიში არ მქონდა. ვცხოვრობდი ბედნიერად. ახლა უკვე ძალიან დავითრგუნე. ვფიქრობ, ვაი, რომ კიდევ შემხვდეს მე უკვე ვეღარ გადავიტან," - გვეუბნება მარეხი ბიწაძე.


ლიანა ჩუტკერაშვილი - 57 წლის



ცხოვრება თავიდან და უკვე მესამედ დაიწყო 57 წლის ლიანა ჩუტკერაშვილმაც. ის და მისი ოჯახი ჯერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს გადაურჩა და ხაშურის დევნილთა დასახლებაში დაიწყეს ახალი ცხოვრება. ახლა კი, უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსული დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.

,,ყველანაირ წესს ვიცავდი. საიდან დამემართა, არ ვიცი. ზოგჯერ მთელ მარშუტკაში მარტო მე მეკეთა ხოლმე პირბადე. წნევები დამეწყო, კოვიდზე არც მიფიქრია. მერე ორი დღე სიცხე 38 მომცა. დამემართა უჰაერობა და 28 ოქტომბერს გამოვიძახეთ სასწრაფო. იქ გამიკეთეს ტესტი საავადმყოფოში და დამიდასტურდა. ერთი ღამე მიმღებში გავატარე. საშინელი უჰაერობა დამეწყო, ვერ ვსუნთქავდი. ორმხრივი პნევმონია მქონდა.''

ერთი ექიმი იყო ხაშურის საავადმყოფოში. თბილისიდან ჩამოდის ხოლმე ბოკერიას სახელობის კლინიკიდან. იმან მითხრა, მე გადაგიყვან ჩვენს კლინიკაში და იქ მოგარჩენო. მერე მე აღარაფერი მახსოვს. თავიდან რეანიმაციაში ვიყავი. ფილტვების 80% დაზიანებული მქონდა. სულ ერთი თვე გავატარე საავადმყოფოში. 28 ნოემბერს უკვე გამოვედი," - გვიყვება, რომ მძიმე მდგომაროების მიუხედავად, გამოჯანმრთელების იმედი არასდროს დაუკარგავს.

ლიანა კომიდან გამოსვლის შემდგომ სახალისო ისტორიასაც იხსენებს, - ,,პალატაში რომ გადამიყვანეს მიძახოდნენ აბა, გაიღვიძეო. მინდოდა და ვერ ვახელდი თვალს. რომ გამოვიღვიძე, ჩემ წინ იდგნენ ექიმები, ვიკითხე სად ვარ მეთქი და კარგ ხელში ხარო, მითხრეს. მკითხეს აბა ვინა ხარო? ქმრის სახელი ვუთხარი, ხეთაგური რობიზონი ვარ-მეთქი. მერე ექიმი რომ შემოვიდა, ხეთაგური რობიზონი ხარო,  ასე მითხრა. მე კიდე გამიკვირდა, შენ საიდან იცი ჩემი ქმრის სახელი მეთქი? და თურმე მე მითქვამს, მე ვარ რობიზონი მეთქი. ასე ვაცინებდი ექიმებს".

"თუ დავღონდებოდი, შემომიძახებდნენ ხოლმე, ბებო არ ჩავარდე დეპრესიაშიო. ერთხელ უჰაერობა დამემართა ძალიან. ერთი ექთანი ამბობდა, ისევ აპარატზე შევაერთოთო და გავებუტე იმ ქალს და მეტყოდა ხოლმე, მერე, რატომ მებუტებიო და აპარატზე მაერთებდი-მეთქი. მშვიდად ვიყავი. ცუდი ფიქრები არ მქონდა. არ მიფიქრია, ცუდი რამე დამემართება-მეთქი. ექიმებსაც ვახალისებდი. მათი ძალიან კმაყოფილი ვარ. თან გადამყვნენ. ხელით მაჭმევდნენ. ხელებში ძალა არ მქონდა. გრძელი თმა მქონდა და მივლიდნენ თვითონ მიკრავდნენ ხოლმე. რომ გამოვედი საავადმყოფოდან, გაბრაზებულმა შევიჭერი." - იხსენებს ლიანა ჩუტკერაშვილი.

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, ძალების აღსადგენად მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.. ცხოვრების ჩვეულ რიტმს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.

,,საავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგაც, როცა მითხრეს რომ კოვიდი აღარ მქონდა, უჰაერობა მაინც მქონდა. ჟანგბადის აპარატი ვიყიდეთ და სამი კვირა სახლში ვიყავი ჟანგბადზე. ასევე დამიტოვა დაღლილობაც. მინდა რომ კარდიოლოგთან მივიდე. ექიმებმა რეკომენდაციები გამომატანეს, რომ ბუშტები უნდა მებერა. სიარული. მუცელზე წოლა. ბოთლში წყალი უნდა ჩამესხა და მილით ვაბუყბუყებდი ხოლმე. სუნთქვის ვარჯიშია. ეს სულ უნდა ვაკეთო, სრულ გამოჯანმრთელობამდე. ახლა იმდენს აღარ ვაკეთებ, რადგან კარგად ვარ. ჩემი შვილი კოვიდიანების ცენტრის წევრი გახდა თბილისში და და იქიდანაც მასწავლიდა ვარჯიშებს." - ამბობს ლიანა.



მას ოჯახში მეუღლე, ერთი ვაჟი, რძალი და სამი შვილიშვილი ჰყავს. ასევე, ქალიშვილი, რომელიც დაოჯახებულია და გორში, წმინდაწყლის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახი სოფელ აჩაბეთიდან დევნილია.

კოვიდთან ბრძოლის დღეებს იხსენებს ლიანას მეუღლე - რობიზონ ხეთაგურიც.

,,თავიდან როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა ფილტვების ანთებაზე მკურნალობა დაუწყეს და ჟანგბადის ბალონი არ მისცეს, რამაც ჩემი მეუღლე  უფრო დაასუსტა. კოვიდის ტესტის პასუხის შემდეგ მეთოდები შეცვალეს.

ჩვენ იმ საღამოდან უკვე იზოლაციაში მოვექეცით. სახლიდან აღარ გავდიოდით. აქ იყო ჩემი 87 წლის მამაც. 12 დღე ვიყავით იზოლაციაში. საჭმელს მეზობლები და ნათესავები კართან გვიტოვებდნენ. მერე ჩვენ ნაგავს ვტოვებდით კართან და იმასაც ყრიდნენ. ძალიან დიდი პატივი გვცეს. ვფიქრობ მეც გადავიტანე, მაგრამ იოლ ფორმებში. ბეჭების წვა მქონდა." - იხსენებს 62 წლის რობიზონ ხეთაგური, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია და 2008 წელს, სამაჩაბლოს იძულებით დატოვების შემდეგ ომის ვეტერანის სტატუსი მიანიჭეს.

,,მძღოლი ვიყავი, ავტობუსი მყავდა, დავდიოდი კეხვი-თბილისის ხაზზე. ჩემი მეუღლე ცხინვალში, მაღაზიაში მუშაობდა. სოფლის მეურნეობა გვქონდა. 2008 წლის ომის შემდეგ ვეტერანის სტატუსი მოგვანიჭეს ჩემი ასაკის ხალხს." - გვიყვება იგი.

,,2008 წლის 8 აგვისტოს გამოვედით. ჯერ თბილისში ვცხოვრობდით მერე აქ, ხაშურში მოგვცეს ბინა. ომის დროს ჩემი მამამთილი დარჩა სოფელში და დააკავეს. 11 დღე ცხინვალის ციხეში გაატარა. მერე წითელმა ჯვარმა გამოიყვანა. მოხუცები ვინც იქ დარჩნენ ყველა დააკავეს. იქაური ქვაც მენატრება და მიწაცა."" - ასე იხსენებს აჩაბეთს ლიანა ჩუტკერაშვილი.

7 წელია ხაშურის რაიონში, სოფელ ცხრამუხაში, ჩინელების ბიუროში დამლაგებლად მუშაობს.

,,რაც კოვიდი დამიდასტურდა, აღარ ვმუშაობ. როცა ეს ყველაფერი გადაივლის, ისევ დავუბრუნდები სამსახურს. მე მჯეროდა კოვიდის არსებობისა და ვთხოვ, რომ ყველამ დაიჯეროს. თვითონ ექიმებიც მეკითხებოდნენ, ბებო გჯეროდა კოვიდისაო? ვეუბნებოდი კი მჯერავს მეთქი და შემხვდა კიდეც-მეთქი და თუ კარგი ვაქცინა შემოვა, გავიკეთებ აუცილებლად." - გვეუბნება ლიანა.

ნინო კიპაროიძე



62 წლის ნინო კიპაროიძეს, რომელიც ხაშურში ცხოვრობს, კოვიდ 19-ის არსებობის არ სჯეროდა. არც წესებს იცავდა, არც პირბადეს ატარებდა და ექიმთან წასვლასაც არ აპირებდა, რომ არა შვილის დაჟინებული მოთხოვნა. თუმცა ნინო კიპაროიძე ვირუსის არსებობაში მაშინ დარწმუნდა, როდესაც თავად დაინფიცირდა.

,,შიში არ მქონია. არც მჯეროდა. არ ვაპირებდი ექიმთან წასვლას. შვილმა დამაძალა. არ მეგონა, თუ ანთება მექნებოდა. იმიტომ, რომ არც ტკივილები მქონდა და არც სიცხე. მხოლოდ ღებინება და ცოტას მახველებდა."

ნინო კიპაროიძე ხაშურის ბაზარში ვაჭრობს. ის პანდემიის პირობებშიც ბავშვის ტანსაცმელს ყიდის.

,,15 ნოემბრიდან დაიწყო. მამცივნებდა. მეორე დღეს სამსახურშიც წამოვედი. ისევ მამცივნებდა. ღებინებაც დამემართა. მოვწყდი უცბად, ძალა გამომეცალა. აქვე ვცხოვრობ ბაზართან და ძლივს მივედი სახლამდე. მას მერე ორი კვირა ფეხზე ვეღარ ვდგებოდი.


სახლიდან ვეკონტაქტებოდი ექიმს. როცა ფიზიკურად მოვძლიერდი, ექიმთან მივედი და აღმომაჩნდა ფილტვების ორმხრივი ანთება. ნიშნების მიხედვით მითხრა ექიმმა, ეგ იქნებაო. თან დაგვიანებითაც მივედი და აზრი აღარ აქვს ახლა ტესტსო. ანტიბიოტიკებს ვიკეთებდი. მერე ამის გამო სოკოც დამემართა. ჩემი ოჯახის სხვა წევრებს არ ჰქონდათ კოვიდი. იცით, რას ვფიქრობ? შარშან სანამ გამოცხადდებოდა კორონას შესახებ, იანვრის ბოლოს, ჩემს მეუღლესაც, გოგოსაც, სიძესაც ეს სიმპტომები ჰქონდათ, რაც კორონას აქვს. მე ვუკეთებდი გადასხმებს. ასე მგონია იმათ მაშინ გადაიტანეს და ახლა იმიტომ აღარ შეხვდათ. ექიმმა საავადმყოფოში დაწვენა შემომთავაზა, მაგრამ მე არ მინდოდა. მითხრა შენ ხვალ და ზეგ დამძიმდებიო და სულ მირეკავდა. მკურნალობის კურსი სახლში გავიარე, " - გვიყვება ნინო კიპაროიძე.



ის 23 დეკემბერს საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდა.

,,მთელი საახალწლო პერიოდი ვიმუშავე, მაგრამ ძალიან ვეღარ ვიტვირთები. 12 საათზე მოვიდოდი ხოლმე და სამზე მივდიოდი. ვყიდი ბავშვის ტანსაცმელს. საერთოდ ძალიან შემცირებულია გაყიდვები. დღეს მაგალითად არაფერი გამიყიდია. ვფიქრობ, რა იქნება გადასახადზე. როცა არ ვმუშაობდი, ისიც უნდა გადავიხადო? რასაც ვიმუშავებ, იმისას გადავიხდი." - ამბობს, რომ თანდართული დაავადებები არ ჰქონია. ადამიანებს, რომლებსაც კოვიდი აქვთ, ურჩევს, არ შეშინდნენ და ნაკლები ინერვიულონ.

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 251 071-ს შეადგენს . , ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები