ახალი ამბები
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითრების სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზად სახელდება გულის ოპერაცია, რომელსაც მოყვა გართულება.

ნუგზარ სხირელი გორში თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ამავე დროს, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი.

ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 1992 წლიდან ჩაუდგა სათავეში, შემდეგ კი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა.

მისი აღზრდილები არიან უფროსი თაობის მიჭიდავეებს შორის: დავით პოღოსიანი, ვლადიმერ მოდოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ბესარიონ გოჩაშვილი. რაც შეეხება ახალ თაობას, მის სკოლაში გაიარეს წვრთნები ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა.

ნუგზარ სხირელი 75-წლის ასაკში გარდაიცვალა.

რედაქციისგან: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვალების მიზეზი გამოწვეული იყო კორონავირუსით, რაც დაუდასტურებელი ინფორმაცია აღმოჩნდა. ამისათვის რედაქცია ოჯახის წევრებისა და მკითხველის წინაშე იხდის ბოდიშს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები