ახალი ამბები
,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა. ნიკა მელია მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი იქ მყოფი ადამიანებისგან თითქმის დაცალეს. დარჩენილი იყო ერთი ოთახი, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რამდენი ათეული მხარდამჭერი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

მელიას დაკავების ფაქტს აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა:

,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.'' - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა.

,,სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.'' - წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები