ახალი ამბები
შსს-ს მომსახურების გორის სააგენტო დატვირთულ რეჟიმში მუშაობს
რამდენიმე დღეა, შსს-ს მომსახურების სააგენტო დატვირთულ რეჟიმში მუშაობს. გორის სერვისცენტრში, მძღოლები ავტომანქანების ძველი სანომრე ნიშნების გამოცვლას ცდილობენ.

ტექნიკურ შემოწმებას გადიან ტრაქტორები და სატვითო მანქანებიც.

17 თებერვლიდან აღდგენილია მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდებზე გასვლა. ასევე, სრულად აღდგენილია იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში.

მომსახურების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილებზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები