ახალი ამბები
შსს-ს მომსახურების გორის სააგენტოში რიგებია
რამდენიმე დღეა, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო დარტვითულ რეჟიმში მუშაობს. სხვადასხვა სერვისის მიმღებ პირებს შორის, ის მძღოლებიც არიან, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლა სურთ.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

,,ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტო მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ადმინისტრაცია მძღოლებს შეახსენებს, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება:

,,იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი, არ არის საჭირო სატრანსპორტო საშუალების ადგილზე მიყვანა,'' - აცხადებენ სააგენტოში.

ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე.

გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები