ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში 12-წლის გოგონამ იმშობიარა
გოგონა, რომელმაც ერთი წლის წინ, 2020 წელს იმშობიარა, დღეს უკვე 13 წლისაა. სოციალურ სააგენტოს ფაქტის შესახებ თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროს ადმინისტრაციამ აცნობა.

ჩვილთან ერთად, მოზარდი საცხოვრებლად თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო 50-წლამდე ასაკის მამაკაცი, შსს-ს ცნობით, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაასახლეს, სადაც 10 წელი გაატარეს.

10 წლის შემდეგ, მოზარდის დედამ, მცირეწლოვანი შვილები, სკოლიდან წაიყვანა და საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა - გვითხრეს სოფელში.

,,თუმცა, ეს ბინა კვლავ მათია და დედა ხშირად ჩამოდის ხოლმე. დაკავებული მამაკაცი სადაურია, არ ვიცით," - ამბობენ სოფელში. 

ფაქტი გორის სოციალური სააგენტოსთვის უცნობია, თუმცა, როგორც განმარტავენ, გამოძიების დაწყება თბილისის სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები