ახალი ამბები
მემორიალური საფლავის ქვები შიდა ქართლში
დღეს ,,კორკოტობაა" და ოჯახები მიცვალებულებს იხსენიებენ. შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებზე შეხვდებით ქვებს, რომლებიც ადამიანურ ტრაგედიებს გვამცნობენ.

ამის საილუსტრაციოდ, რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.

მაია ქერდიყოშვილი 15-წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. მშობლებმა ქვის ოსტატებს სთხოვეს, რომ საფლავის ქვაზე, შვილის გამოსახულება საცეკვაო სამოსით ყოფილიყო.

სოფელ რენეში გვითხრეს, რომ გოგონას მშობლები ამჟამად უკვე გარდაცვლილები არიან, საქართველოში მხოლოდ მამიდა ცხოვრობს, თანაც რუსთავში. 1984 წელს, 15 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი, შემდგომ მშობლებისაც -  ტუბერკულიოზი ყოფილა.



,,მშვიდობით დედავ, მშვიდობით მამავ
მშვიდობით ჩემო დედავ ტანჯულო,
როგორ მწყუროდა სიცოცხლე ტკბილი.
რად გამიმეტე სიკვდილო კრულო.
ჩემ და-ძმის გვერდით ვეღარ გავივლი,
როგორც ლამაზი ოცნების ყვავილი"
მაია ქერდიყოშვილი, 1969-1984

სოფელ ზადიანთკარში (კასპი) არის საფლავი, რომელზეც 18 წლის ბიჭის გამოსახულებას ასეთი წარწერა აქვს:



,,მე მზე მიყვარდა, სიხარულით ფეთქავდა გული.
მაგრამ სიკვდილმა ჩამიტეხა სიცოცხლი ხიდი.
ამას გთხოვთ ხალხო, არ გამხადოთ ქორების მსხვერპლი.
მე მოკლული ვარ ბედისა და განგების ხელით."
თემო ზადიშვილი (1961-1979)

ქართულ ისტორიაგრაფიაში მე-19 საუკუნის ქვები უკვე ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენს. მაგალითად,მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ეთნოგრაფმა სერგი მაკალათიამ ტანას ხეობაში უნიკალურ მასალებს მიაგნო.

კერძოდ, ქვემო წერეთში ყოფნისას სერგი მაკალათიამ აღმოაჩინა, რომ კლდის ქვებისგან საფლავებს ოსტატები მე-20 საუკუნის შუა ხანებშიც ამზადებდნენ:

,,ამ საფლავის ქვებზე გამოსახულებანი საინტერესო მასალებს იძლევიან ხალხური შემოქმედების შესასწავლად.აგეთვე, შრომა-საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, მეცხვარე გამოსახულია კომბლით და მაკრატელით, გუთნის დედა - გუთნეულით. მევენახე - სასხლავი დანით და სხვ.



,,გუთნისდედა ვარ განთქმული, ვხნავდი მთასა და ბარსაო.
ბელტი ბელტს გადადიოდა, არა ვზოგავდი ჯანსაო.
მაგრამ ბედმა მიმუხთლთა, ხელი მომავლო მხარსაო;
გამტყორცნა შავი მიწისკენ, ამომაფარა ქვასაო,
სიკვდილი მუხანათია, მიმტყუნა ბედის ჩარხმაო,
ცოლ-შვილი ობლად დავტოვე, არ დამიჩაოთ ხალხმაო.''

სერგი მაკალათია გვატყობინებს, რომ გსმოსახულებანში გარდაცვლილებს აცვიათ იმ დროისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელიც, რაც იძლევა ნათელ სურათს ხალხის ყოფა-ცხოვრების გასაცნობად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები