ახალი ამბები
გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
გორის შს სამმართველოს პოლიციის თანამშრომლის, დავით სვიანაძის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. პრეს-სამსახურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ. დამნაშავედ ცნო.

გამოძიების ცნობით, 2020 წლის 1 ივლისს, მსჯავრდებულმა, ქ. გორში, დავით სვიანაძეს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად პოლიციის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ჰ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ჰ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები