ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლას ოფთალმოლოგთა და ენდოკრინოლოგთა ჯგუფი ესტუმრა


გორის მე-12 სკოლაში, პედაგოგებსა და მშობლებს ექიმთა გუნდი უფასო სამედიცინო კვლევებს უტარებს. სასწავლო დაწესებულებაში კვალიფიციური ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგები მუშაობენ.

ექიმთა გუნდს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო კარანაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ასეთი მცირე კონტიგენტში, დღეს უკვე გამოავლინეს პრობლემები.

პროექტის სახელწოდებაა "დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა". ხვალ კი, ექიმები ბავშვთა კლინიკა ,,იავნანაში'' გადაინაცვლებენ.

აღნიშნული პროექტი  "დიაბეტის მსოფლიო ფონდისა" და "ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელის" ხელშეწყობით, საქართველოს 6 რეგიონში ხორციელდება. სამიზნე რეგიონებს წარმოადგენს აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა და ქვემო ქართლი.

,,პროექტი გრძელდება 30 თვის განმავლობაში და დასრულდება 2022 წელს. მას ახორცილებენ ორგანიზაციები: "ველფეარ ფუანდეიშენი" და "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო". შიდა ქართლში პროექტის მიმდინარეობას და ორგანიზაციულ საკითხებს წარმართავს "გორის ლაიონს კლუბი" - აცხადებს გორის ლაიონს კლუბის პრეზიდენტი ლელა წურწუმია. ის პარალელურად გორის მე-12 სკოლის პედაგოგია.

პროექტის მიზანია დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ღონისძიებების შემდეგ საქართველოში დიაბეტის ეროვნული რეგისტრი შეიქმნება. საქართველოს 6 რეგიონში დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტებს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის, ხარისხიანი მკურნალობისა და ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებიან.

,,ლაიონს ქლაბის'' წევრები ფიქრობენ, რომ მსგავსი სახის პროექტები ქვეყანაში მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევათა რიცხვს შეამცირებს. 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები