ახალი ამბები
ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს
ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს. ამის შესახებ განცხადება გურული დღიურების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა.

მისი თქმით, სტიპენდიას ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეები: მარიამ გახელაძეს (მესამე კლასი) და ანანო გახელაძეს (მეექვსე კლასი) მიიღებენ.

დათა პაპას (დავით ვანიშვილის) სახელობის სტიპენდია გურული დღიურების ფონდმა დააწესა. ფონდი სტიპენდიებს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მოსწავლეებისთვის გასცემს.

დავით ვანიშვილი სოფელ ხურვალეთში ცხოვრობდა, რომლის სახლი აგვისტოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დათა ვანიშვილმა საცხოვრებელი სახლი არ მიატოვა და მეუღლესთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას.

"ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად." - აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძე.

დათა პაპას სახელობის სტიპენდიას უკვე იღებს სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები, თვითნასწავლი მხატვარი ლუკა სრესელი.

რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, ის 2020 წლის ზაფხულში, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მის სანაცვლოდ, როგორც ოჯახი აცხადებს, ცხინვალის მხარე ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ან ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები