ახალი ამბები
მდინარე ენგურის გადაცურვის დროს ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი - 3 მოქალაქე დაიღუპა
გარდაცვლილები არიან გალის რაიონში მცხოვრები 3 ადამიანი, რომლებიც მდინარე ენგურის გადაცურვას ცდილობდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მედიაპორტალის ,,ლაივპრესის'' ცნობით, ცხედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას სიახლოვეს იპოვეს.

ამასთან, "ლაივპრესს" ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებმა ასევე დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მდინარე ენგურში რამდენიმე პირს მდინარის მეორე მხარესაც ეძებენ.

რესპონდენტისთვის უცნობია, მგზავრები ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მიმართულებით მოდიოდნენ, თუ პირიქით, გალში გადასვლას ცდილობდნენ.

ზუგდიდელი ჟურნალისტების ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მდინარე ენგურმა ადამიანის ცხედარი გამორიყა. საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას, შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ.

ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე მდინარე ენგურში, სამი ცხედრის პოვნის შესახებ, განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. მათი თქმით, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას კი სამივე მათგანი დაიღუპა.

"აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს სუსი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები