ახალი ამბები
ომარ ხუბაევის “ნართები“


თბილისში, ,,ართჰოლის“ ერთ-ერთ მცირე დარბაზში, მოცეკვავეები მოულოდნელად წელში გასწორდნენ და ცეკვის რამდენიმეწამიანი ილეთი შეასრულეს, შემდეგ კი ტაშით და თავის დაკვრით დარბაზში შესულ მამაკაცს მიესალმნენ. ეს ჟესტი იმის მანიშნებელი იყო, რომ დარბაზში ომარ ხუბაევი შევიდა.

,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო“, - უთხრა მან მოცეკვავეებს, რომლებსაც პანდემიის გამო, 1 წლის განმავლობაში, რეპეტიციებიც კი არ უტარდებოდათ.

მცირე საუბრის შემდეგ, ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეების მომზადებას გაეცნო. ისინი უახლოეს მომავალში ბათუმში მიემგზავრებიან და კონცერტისთვის ემზადებიან.

3 ცეკვა ისე შეასრულეს, ომარ ხუბაევს წარბიც არ შეუხრია. რეპეტიტორ-ქორეოგრაფი დავით კალანდაძე ანსამბლის წევრებს ცეკვით ესაუბრებოდა. სამხატვრო ხელმძღვანელი გოგიტა თათულაშვილი კი, დრო და დრო, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად დარბაზიდან გადიოდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ომარ ხუბაევის წინაშე, მოცეკვავეები რეპეტიციას წარმატებით გაართმევდნენ თავს.

,,ძალიან მომეწონა შესრულება. ადრე რომ ვიყავი ჩამოსული, გითხარით კიდეც, როგორიც მინდოდა გამოსულიყო. ეს ჩემი თხოვნა გაგითვალისწინებიათ“, - უთხრა რეპეტიციის შემდეგ ომარ ხუბაევმა მოცეკვავეებს.



,,იმდენად დიდი ბედნიერებაა დარბაზში დაბრუნება, რომ გადავწყვიტეთ, ახალი ცეკვა დაგვედგა“, - გვითხრა მოცეკვავე ანა ჯანიკაშვილმა. მან ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული ფაკულტეტზე ისწავლა, 2017 წლიდან კი ,,ნართების“ წევრი გახდა.

,,დავიწყეთ მუშაობა ახალ ცეკვაზე, რომელიც დაგვიდგა გიორგი თათულაშვილმა. მანამდე, ამ ცეკვას თვითონაც ასრულებდა. ეს არის ცეკვა “მთიელთა როკვა“, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ცეკვა წარმატებით გავიტანოთ მაყურებლის წინაშე“, - გვითხრა ანა ჯანიკაშვილმა.

,,მთიელთა როკვაში“ თითქმის ყველა მოცეკვავეა ჩართული. ქორეოგრაფებმა ქარცეცხლი დაატრიალეს. კაცსაც და ქალსაც ამ დროს დიდი ფიზიკური მომზადება სჭირდება. როგორც გოგიტამ, სამხატვრო ხელმძღვანელმა გვითხრა, ამ ყველაფრის მომზადება უმოკლეს დროში მოხერხდა. ანსამბლის ადმინისტრაციამ მოცეკვავეები დარბაზში 2021 წლის მაისის მეორე ნახევარში მიიწვია. 2020 წლის მარტიდან კი ასეთი შეკრებები, პანდემიის გამო, აკრძალული იყო.

“მთიელთა როკვის” შემდეგ ომარ ხუბაევმა ცეკვა ,,მიპატიჟება“ (ხონგა) და ცეკვა ,,ქართული“ ნახა. თითქმის 3 საათი არ შეწყვეტილა მოძრაობა.

,,ნართები“ თბილისში, ნაქირავებ დარბაზში ვარჯიშობს. ნაძალადევის რაიონში კი, ასეთი დარბაზის დაქირავება არც ისე იაფია.



,,პანდემიამ მთლიანად გაგვანადგურა. ჩვენ ფაქტობრივად ისევ დამოკიდებული ვართ ბიუჯეტზე. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას რის საშუალებაც აქვს, ის თანხა გამოგვიყო. მთლიანად ხომ არ გადაყვებიან ანსამბლს?“ - გვითხრა ომარ ხუბაევმა. ამ ერთი წლის განმავლობაში არც ერთი სპონსორი, გასტროლი, კონცერტი არ გამართულა. არც რაიმე სხვა შემოსავალი ანსამბლს არ მიუღია.

,,მოცეკვავეს რომ 200-300 ლარი ექნება ხელფასი, ხომ წარმოგიდგენიათ? ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას. მოცეკვავეებს ოჯახები აქვთ, უნდა ჰქოდეთ შემოსავალი“, - ამბობს ომარ ხუბაევი.

ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ,,ნართებში“ ძირითადად პროფესიონალი მოცეკვავეები იყრიან თავს. ამიტომ, მათი შენარჩუნება ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა ანსამბლისთვის.

,,მოდიან ჩვენთან ახალგაზრდებიც, ძველი მიდის, ახალი მოდის, აქ პროფესიონალები მოდიან, სტუდიებიდან - იშვიათია. ვცდილობთ, რომ ოსურ ხასიათს ვაზიაროთ. თუ ოსური გვინდა ვიცეკვოთ, უნდა ვიცეკვოთ ოსურად. პატარა ნიუანსი თუ შეურიე, ის ოსური აღარ არის. ოსური მელოდიები ცეკვისა, მე მგონი, არსად არ არის. ვცდილობთ, რომ ზუსტად გადავცეთ. ოსებმა რომ ნახონ, თქვან, რომ აი, ეს არის ოსური.“ - გვეუბნება ომარ ხუბაევი.

ანსამბლის დაარსების იდეაც სწორედ ის იყო, რომ ის უნდა ყოფილიყო ქართულ-ოსური ანსამბლი, სადაც ერთად უნდა ეცეკვა ოსსაც და ქართველსაც.

დაარსების პირველივე წლიდან გუნდის წევრია თამუნა კოკოევა, რომლის მშობლები წარმოშობით ზნაურის რაიონიდან არიან. თამუნა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, სიამაყით ამბობს, რომ სწორედ ოსური ხასიათის გამო შეარჩია ,,ნართები“, სადაც მომავალი მეუღლე, რომა  დუგლაძე გაიცნო. მისი მიზანია, რომ კარიერის დასრულებამდე ომარ ხუბაევის ,,ნართებში“ დარჩეს.

სუხიშვილებში



,,მკვიდრი გორელი ვარ. სკოლის პერიოდში დავიწყე ცეკვა. თავიდან საკრავებზე ვიყავი – ფანდურსა და სალამურზე ვუკრავდი. მერე გორში, პატარა ანსამბლი ჩამოყალიბდა, მეშვიდე-მერვე კლასიდან დავიწყე ცეკვა. ერთხელაც თბილისიდან მოიწვიეს დიდი ჯანო ბაგრატიონი, მაშინ იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლის ბალეტმეისტერი. ჩვენს ანსამბლში ცეკვები უნდა დაედგა. მეცხრე თუ მეათე კლასში ვიყავი, მნახა და ძალიან მოვეწონე. წამიყვანა თავისთან“, - იხსენებს ომარ ხუბაევი.

ამის შემდეგ, 1967 წელს, თბილისში, პროფესიონალ მოცეკვავეებს შორის, კონკურსი გაიმართა.

,,ინდივიდუალური კონკურსში ჩატარდა პროფესიონალებს შორის. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი ვიყავი, ლოტბარი იყო ანზორ კავსაძე. მინდოდა, რომ მონაწილეობა მიმეღო კონკურსში. თუმცა ჩოხა არ მომცეს. კონკურსის ხელმძღვანელი სუხიშვილიაო და ვინ მოგცემს გამარჯვებასო – მითხრა ანზორ კავსაძემ. შენ თუ უფლებას არ მაძლევ, წავალ და სხვა ანსაბლის სახელით გამოვალ-მეთქი. წავედი და ტრამვაი-ტროლეიბუსების სახელობის ანსამბლის სახელით გავედი კონკურსზე“, - იხსენებს ომარ ხუბაევი.

მართლად, ომარ ხუბაევმა კონკურსში მონაწილეობა ტრამვაი-ტროლეიბუსების სამსახურის ანსამბლის წევრის სახელით მიიღო. ჩოხაც მისცეს და ის მეწყვილეც შეურჩიეს, რომელთან ერთადაც ცეკვის კონკურსში გამოსვლას შეძლებდა:

,,ვერიკო ლანჩავასთან ერთად ერთ დღეში დავდგი ცეკვა, მას არც ვიცნობდი. მომდევნო დღეს უკვე პირველი ტური უნდა გამართულიყო. ოპერის თეატრში მიმდინარეობდა კონკურსი. ყველაზე დიდი შეფასება წილად მხვდა მე და ფრიდონ სულაბერიძეს. სულ მაქსიმალური ქულებით შეგვაფასეს. ფრიდონი, რა თქმა უნდა, ყველა დროის მოცეკვავეა. დაჯილდოებისას ავედი სცენაზე, სუხიშვილმა მომცა ჯილდო და დაამატა: მოხვალ, შვილო, ჩემთან. მოვალ, აბა რას ვიზამ-მეთქი, როგორ არ მოვალ – ვუპასუხე სუხიშვილს. ერთი კვირის შემდეგ მივედი. იმ დღიდან, 20 წელი სუხიშვილთან გავატარე. დამსახურება, ყველა ტიტული მაქვს. არ ჩამოვყვები რეგალიებს, მე თვითონ არ მახსოვს, ზოგიერთი რამე. ყველა ტიტული (ქურუმი, რაინდი, ღირსების ორდენი და ა.შ.), რაც შეიძლება ჰქონდეს ცეკვაში და კულტურაში ადამიანს, ყველაფერი მაქვს ალბათ. კავკასიის ხალხთა სახალხო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გავხდი, სულ ახლახან მომივიდა იქიდან დოქტორის წოდება“ - ამბობს ომარ ხუბაევი.

ვლადიკავკაზში

სუხიშვილების შემდეგ ომარ ხუბაევის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.

,,მომიხდა ესე ცხოვრება, რომ ვლადიკავკაზში უმაღლესში ჩავაბარე და ვსწავლობდი. იქ უნივერსიტეტის ანსამბლს ვხელმძღვანელობდი, შემდეგ დავტოვე ის ანსამბლი, დავაყენე ფეხზე, დაშლილი იყო. მომიწია თეატრის ანსამბლში მუშაობა. თეატრის ანსამბლს ერქვა ,,ნართები“, სინთეზური ანსამბლი იყო - მსახიობებისა და მოჯირითეებისგან შედგებოდა. შემდეგ სახელმწიფო ანსამბლის ,,ალანის“ ხელმძღვანელი გავხდი, როგორც აქეთ სამხრეთ კავკასიაში იყო სუხიშვილის ანსამბლი, ისე იქით, ჩრდილოეთ კავკასიაში იყო - ,,ალანი“, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი – 1996-1998 წლებში. ამ დროს ვფიქრობდი, ან იქით ვყოფილიყავი, ან ჩემ სახლში დავბრუნებულიყავი. გადავწყვიტე, რომ ჩემ სახლში და ოჯახში დავბრუნებულიყავი,“ - იხსენებს ომარ ხუბაევი.


,,ნართების“ დაბადება



2006 წელს საქართველოში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელად დიმიტრი სანაკოევი აირჩიეს.

დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში რამდენიმე სამინისტრო შეიქმნა, მათ შორის, განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

,,ამ სამინისტროში დამიძახეს, შენ უნდა წახვიდე ადმინისტრაციაში კულტურის მინისტრადო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რომ არ მაწყობს-მეთქი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ნაცნობობა მყავს იქით მხარეს და უნდა ჩამეკეტოს ყველა გზა-მეთქი. ბოლოს მეორედ დამიძახეს, ჩამოვედი იქიდან, ბევრი ყოყმანის შემდეგ, ვიფიქრე, თუ ჩამიკეტავენ გზას, მირჩევნია ჩემს სახლში დავრჩე, ჩემს ოჯახში და ასე დავიწყე მუშაობა კულტურის მინისტრად. ამ დროს, მომივიდა აზრად, რომ ახლა მაქვს საშუალება, ბიუჯეტში ფული არის, რომ შევქმნა ის ანსამბლი, რომელზეც ვოცნებობ, როგორც მე მინდა, რომ ისე წავიყვანო, როგორც მე მინდა, ისე ვამუშაო ანსამბლი. 6 თვეში ყველაფერი მოვამზადეთ, რაც კი ტექნიკური მხარე იყო, ყველაფერი დავალაგეთ. „ნართები“ მე დავარქვი. სტრუქტურა მე ჩამოვაყალიბე: რამდენი ბიჭი, რამდენი გოგო, რამდენი მუსიკოსი უნდა ყოფილიყო. მე ვატარებდი რეპეტიციებს. საკუთარი დარბაზი დღემდე არ გვაქვს. დიდუბეში, სუხიშვილების სტუდია რომ არის, ხელმძღვანელი ჯემალ ნავროზაშვილი ჩემი მეგობარი იყო, სარეპეტიციო დარბაზი მან მომცა. დავიწყეთ ,,სიმდით“ და ,,შეჯიბრით“, 2007 წელს, პირველივე ფესტივალზე ,,ნართებმა“ გრან-პრი მიიღო. სხვათაშორის, სუხიშვილებიდან ნუნუკასაც ჰყავდა წამოყვანილი 12 მოცეკვავე და იცეკვეს ყაზბეგური და ჩემებიც ცეკვავდნენ. ჟიურიმ – ომარ მხეიძემ, სულაბერიძემ, ჯეირან გოგინავამ და სხვებმა, ,,ნართებს“ მისცეს პირველი პრიზი. ასეთი პრიზი იყო – არგონავტების ნავი, სტამბულში გააკეთებინეს და ის წამოვიღეთ. მაშინ ჩვენი ანსამბლი სოფელ ქურთაში იყო, დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში დავდგით ეს პრიზი. ომის დროს წაიღეს, ვინ წაიღო, არ ვიცი“, - ამბობს ომარ ხუბაევი.

,,ნართების“ პირველ წლებში ანსამბლის დირექტორად ომარ ხუბაევმა დანიშნა თამაზ ღოღობერიძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელად – რომან ბირთველიშვილი.

,,ეს ორი ადამიანი ედგა სათავეში ანსამბლს. ისე მოხდა, რომ ისინი წავიდნენ. ანსამბლი ჩავაბარე გოგიტა თათულაშვილს, ის ჩვენი რეპეტიტორი იყო. მის ნაცვლად კი, რეპეტიტორად დათო კალანდაძე დავნიშნეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველანაირად, დისციპლინაა ანსამბლში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ხელწერა გვაქვს და არ უნდა ჰგავდეს სხვას. ისეთი ცეკვები უნდა დაიდგას, რომ არა თქვას მაყურებელმა, რომ ასეთი ცეკვები არის. „ერისიონიც“ არის, „სუხიშვილებიც“ არის. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ განსხვავებული იყოს. მე მგონი ასეთი დასაწყისი არცერთ ანსამბლს არ ჰქონდა. რამდენი გასვლაც გვქონდა, ან გრან-პრი, ან პირველი ადგილი ავიღეთ. ბალტიისპირეთში როცა ვიყავით, მახსოვს, გრან-პრიც ავიღეთ, ტელევიზიის პრიზიც წამოვიღეთ და კიდევ სხვა პრიზები. ვამბობდით კიდეც, რომელიმე პრიზი დაგვეტოვებინა ადგილზე.

დღეს იმედს არ ვკარგავთ, რომ პანდემიის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენი ეკონომიკაც აიწევს, იქნებ გამოჩდეს ვინმე, ვინც ეკონომიურად დაგვეხმარება“, - დასძენს ომარ ხუბაევი.

საუბარი როცა დავასრულეთ, ,,ართჰოლის“ ეზოში ჩავედით. ამ დროს ანსამბლის დამფუძნებელს უთხრეს, რომ გორელი მოცეკვავეები ელოდებოდნენ – ცოლ-ქმარი. ,,ართჰოლის“ ეზოდან კი, გორისკენ რამდენიმე ადამიანი დავბრუნდით. ხოლო მიო გაზათი, რომელმაც ანსამბლთან ჩვენი დაკავშირება უზრუნველყო, თბილისში დავტოვეთ.

ერთ კვირის შემდეგ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,ნართები“ ბათუმში მიემგზავრება. როგორც დავით კალანდაძემ გვითხრა, მეგობარ ანსამბლთან ერთად, კონცერტს 22-23 ივნისს გამართავენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები