ახალი ამბები
ფანიაშვილების ტრაგედია
რუისის სიახლოვეს, ავტობანიდან სულ რაღაც 500 მ-ში, წითელი აგურებით ნაშენები ძალიან პატარა მემორიალია. ის განსაკუთრებით მაშინაა შესამჩნევი, როცა ყანები გადაყვითლებულია.

იქვე ახლოს დიდი არხი ჩამოდის, სადაც ე.წ. (მ)ლაშე წყალი მიედინება. ლაშეწყლის ტერიტორია, 1924 წლის შემოდგომის დასაწყისში, სასაკლაოდ იქცა. აქ ერთ ღამეში დახოცეს 94 ადამიანი, 2 კი, - ქალი და ბავშვი გადარჩა.

1924 წელს ბოლშევიკებმა თავად-აზნაურების წინააღმდეგ, მასობრივი ტერორი დაიწყეს. გორის მაზრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, სადაც იმ პერიოდში 700 კომლამდე ცხოვრობდა, პროკლამაციები გაავრცელეს, შემდეგი შინაარსით: ,,რკინის ცოცხით აღგავეთ თავად-აზნაურობა''

რუისის ყველა უბანში ცხოვრობდნენ აზნაურები. წინაუბანში - ფანიაშვილები, შუაუბანში - მამაცაშვილი, კლიმიაშვილები და ა.შ. ყველა მათგანმა საფრთხე იგრძნო, რადგან სოფელში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მათ წინააღმდეგ ხალხს ამხედრებდნენ.

დაიჭირეს იასონ ფანიაშვილი და სხვა მამაკაცები, რომლებიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის იდეურ მომხრეებად ითვლებოდნენ. ბოლშევიკებმა შემოირიგეს ადგილობრივი ყაჩაღი - ,,ვახშამა''. ის ამ წმენდას ჩაუდგა სათავეში.

ერთ დღესაც, წინაუბანში, ფანიაშვილების გვარის წარმომადგენლები ერთად შეკრიბეს. მამაკაცების დიდი ნაწილი უკვე დაპატიმრებული იყო, ამის გამო, ზოგს ჩვილი ბავშვი გაერიდებინა სოფლისგან, ზოგი მატარებელს გააპარეს, რაშიც სხვათა შორის, თანასოფლელებიც ეხმარებოდნენ.

თავდაპირველად, ქალები და ბავშვები საგვარეულო ეკლესიასთან შეკრიბეს, შემდეგ ურბნისის ეკლესიაში გადაიყვანეს: ეუბნებოდნენ, რომ გორში უნდა წაგიყანოთო, სინამდვილეში კი დაბინდებას ელოდებოდნენ და მათ დახოცვას აპირებდნენ.

რუისის მთავარი ეკლესიის მოძღვარმა დავით სალარიძემ ფანიაშვილების რამდენიმე წარმომადგენელი ეკლესიაში შეიფარა, მაგრამ როდესაც ბოლშევიკები მათ წამოსაყვანად მივიდნენ, ვინც კი წინააღმდეგობა გაუწია, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის, არ დაინდეს მოძღვარიც. 96 ადამიანი შეაგროვეს ბოლშევიკებმა - გორის მაზრის სადამსჯელო რაზმის წარმომადგენლებმა.

დღეს, ამავე სოფლის მკვიდრი, ლადო ბუზიაშვილი პაპისგან მონაყოლ ამბებს იხსენებს. ბოლშევიკები ადგილობრივებს აქეზებდნენ, რომ მიეღოთ მონაწილეობა აზნაურების განდევნაში, რადგან განდევნის შემდეგ, ქონება დარჩებოდათ. იმ დროს, მისი პაპა, 18 წლის ჭაბუკი იყო.

გორის არქივში, მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა იპოვა 1924 წლის 14 სექტემბერს დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც რუისის აღმასკომის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ის გორის მაზრის უფროსს ატყობინებდა "რუისში მოხდა გლეხების მიერ თავადაზნაურობაზე დაცემა, რამაც გამოიწვია 35 ქალის და კაცის მსხვერპლი.'' როგორც შემდეგ გაირკვა, დახოცილთა რაოდენობა უფრო მეტი იყო - 94 დასახიჩრებული ცხედარი.



ფოტოზე: ფანიაშვილების საგვარეულო ეკლესია, სადაც რუისელებმა სავარაუდოდ დაკრძალეს დახოცილები

,,საღამოს ცხრის ნახევარ საათზედ სოფ. რუისშიდ წინ უბანზედ ფანიაშვილებზე დაცემა იყო სრულიად მოულოდნელი, რადგან დაშორებულია უბანი აღმასკომის შენობა. ვერ გადავარჩინეთ ცხოვრების უმრავლესობა. გლეხები სტიქიურად გამოდიან, მოსალოდნელია გამოსვლები სხვა სოფლებშიდაც, რაზედაც გთხოვთ გაგვიწიოთ სათანადო დახმარება, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი ექცეზიები. ნაწილი გლეხებისა შეპყრობილია ისევ ტკბილი სიტყვებით, რადგან ძალა არ ყავს აღმასკომს. გთხოვთ საჩქაროთ გამოგზავნოთ ჩეკა და აგრეთვე დახოცილ მოქალაქეებს როგორ მოვექცეთ, სახლებზედ დაყენებულია ყარაულები რომ არ გაიფანტოს ნივთები, მდგომარეობა აუწერელია გთხოვთ ან თვითონ ჩამოხვიდეთ ანდა გამოგზავნოთ ერთი წარმომადგენელი საქმეების მოსაწესრიგებლად.'' - სწერს რუისელი წარმომადგენელი გორის მაზრის უფროსს, მაგრამ იქვე მაზრის უფროსი აღწერს, მართალია გლეხები დაეცნენ ფანიაშვილებსო, მაგრამ....

"ყოფილი აზნაური იასონ ფანიაშვილი აგვისტოს ავანტურისტული გამოსვლების დროს იღებდა აქტიურ მონაწილეობას ამბოხებაში, რაიც გამოიხატებოდა იმაში, რომ გამოსვლის წინ აწყობდა ფარულ კრებებს, სადაც მოწვეული ჰყავდა მთელი ფანიაშვილები და ეწეოდა მთავრობის წინააღმდეგ აგიტაციას. გამოსვლების წინა დღით მის სახლში მისულა ვიღაც უცნობი, რომელთანაც ერთად იასონ ფანიაშვილის თაოსნობით გამართული ჰქონდა ფარული კრება, თანაც ღვინით ქეიფობდნენ და ელოდნენ მთავრობის დამხობას, მაგრამ მეორე დღეს დაჭერილი იქმნა.. საერთოდ იგი იყო მოღალატე მთავრობისა, ხშირად უხსენებია გლეხებში, რომ ჩვენ სხვა სისხლი გვიდგიაო, ქეიფის დროს ახსენებდა მენშევიკურ მთავრობის ბელადს და ეტრფოდა მათ მოსვლას".

დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე პირველივე შესახვევში, წინუბანში შევედით. ვიკითხეთ, თუ სად მდებარეობს ფანიაშვილების ტრაგედიის ადგილი. ერთ-ერთი ადგილობრივი ვენახიდან მოდიოდა. ჩვენმა კითხვამ მასზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა. გახედა იმ გზას, საითაც უნდა წავსულიყავი. პატარა პაუზა გააკეთა და ღრმად ამოისუნთქა: ,,წინაუბნიდან გზა მიდის მინდორზე, გორის მიმართულებით. არმისული ნაძვებთან, გზა ორად იყოფა - ერთი გორისკენ მიდის. იქ დიდი არხი შეგხვდებათ. ამ არხს რომ გადახვალთ, მემორიალს მიადგებითო.''

დღეს, რუისელებისთვის ეს ამბავი უდიდესი ტრაგედიაა.  ამ ამბის შესახებ ერთხელ უკვე დავწერეთ სტატია, მაგრამ ტრაგედიის ადგილი ნანახი არ გვქონდა. მემორიალი 20 წლის წინ, ლადო ბუზიაშვილის თაოსნობით, დადგეს. ლადო იმ დროს სოფლის თავმჯდომარე იყო. როგორც მან გვითხრა, ადგილი პაპების ხსოვნამ შემოინახა:

,,პაპაჩემაც იცოდა ეს ადგილი და კიდევ ერთმა წინაუბნელმა. სწორედ, იმის შვილიშვილმა გიორგაძემ მოიტანა საშენი მასალები და ეს მემორიალი დავდგით.'' - გვითხრა ლადო ბუზიაშვილმა. ლადო ბუზიაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ნინო მარჯანიძესთან და ადგილობრივ მოძღვართან ერთად, ზურაბ ფანიაშვილი 1997 წელს თბილისში მოინახულეს. ლადომ სოფელში მიიპატიჟა 80 წელს მიტანებული კაცი,  მაგრამ ზურაბ ფანიაშვილს უარი უთქვამს რუისში წასვლაზე.

1924 წელს ზურაბ ფანიაშვილი 11-12 წლის იყო. მისი მონაყოლი ლადო ბუზიაშვილმა და ნინო მარჯანიძემ შემოგვინახეს. ლადომ წიგნი დაწერა, ხოლო ნინო მარჯანიძემ - სტატია.

,,ჩაგვამწკრივესო, გვიყვებოდა ბატონი ზურაბი, უფროსებმა იგრძნეს, რაც ხდებოდაო და პატარებს გადაგვეფარნენო. წარმოუდგენლად გავეშებულები იყვნენო'' - ამ ეპიზოდის გახსენებაზე ვატყობთ, რომ ჩვენი მასპინძელი ძალიან ნერვიულობს. - ,,სროლა რომ დამთავრდა, მერე ამოწმებდნენ გადარჩენილებს. ვინც გადარჩენილიყო, ხიშტებით ხოცავდნენ''.

როგორ მიდიოდა ცხოვრება რუისში, 1924 წლის შემდეგ, ლადო ბუზიაშვილისთვის ბევრი დეტალი ცნობილია. როგორც მან გვითხრა, სოფელში ყველამ იცოდა, ვინ მონაწილეობდა ამ ტრაგედიაში და ვინ ეხმარებოდა ვახშამას და გორის მაზრიდან მიყვანილ სხვა ბოლშევიკებს:

,,შემდეგ ის ხალხი არავის უყვარდა; არავინ იკარებდა. დროთა განმავლობაში ბევრი დაისაჯა ღმერთისგან. დაისაჯა არა მარტო ისინი, ვინც ხოცვაში მონაწილეობდა, არამედ დაისაჯნენ მათი შთამომავლებიც.'' - ამბობს ლადო.

უკვე დაბინდებული იყო, როცა რუისიდან წამოვედით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ამბავი მოგვიყვა თვითონ რუისელმა. ავტობანიდან კიდევ ერთხელ გავხედეთ მინდორს, სადაც ბოლშევიკებმა 94 ადამიანი ერთ ღამეში დახოცეს:

,,- ორი ბავშვი თივის ზვინში შეძვრა, გამორეკეთ," - ღრიალებს ვახშამა. ბოლშევიკმა გვარდიელებმა თივის ზვინებს ცეცხლი წაუკიდეს. ბიჭები შეეცადნენ გამოძრომას, თავები გამოყეს და ყვირილი დაიწყეს. ვახშამამ ორი გასროლით, ორივე ჩაჰკლა. გამწარებული დედა, რომელსაც ძუძუმწოვარა ბავშვი ჰყავდა ატაცებული, თივის ზვინისკენ გაიჭრა. ერთ-ერთმა გვარდიელმა ქალს გულიდან მოჰგლიჯა პატარა და აგიზგიზებულ ცეცხლში შეისროლა. დედას კი, ხელები თმებში ჩაბღუჯა, თავი ააწევინა და აყურებინა, როგორ იხრუკებოდა პატარა. - ცეცხლი! - აყვირდა ვახშამა. მეორე ზალპის შემდეგ ფეხზე აღარავინ იდგა. დაჭრილმა ბავშვებმა თავი კვნესით გასცეს. - დააჩუმეთ! - ბრძანა მეთაურმა. გვარდიელებმა მოცელილები ხიშტებითა და ხანჯლებით სათითაოდ ასჩეხეს. მერე გლეხები გამორეკეს ორმოს ამოსათხრელად".

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები