გამგეობის თანამშრომლებმა გამგებელს სიმღერა მიუძღვნეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს სიმღერა მიუძღვნეს.

ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს.

ვიდეო 2016 წლის 15 იანვარს რესტორან ,,ნაჭარმაგევშია" გადაღებული.

მუნიციპალიტეტის გამგეობა სრული შემადგენლობით ბედობას აღნიშნავდა. 2015 წლის დეკემბრის პრემიებიდან სულ ორი კვირაა გასული.

ქეიფს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილიც შეუერთდა. დარბაზში შესვლისას ფეხზე წამოუდგნენ.

წყაროს ცნობით, ვახტანგაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი წარმატებული საქმიანობის გამო, შეაქო.

ეს მაშინ, როდესაც 2015 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 5 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა, ხოლო დამატებით ერთი მილიონი ლარი შემოსავლის სახით ზედმეტად გაუხარჯავი დარჩათ.

რაც შეეხება სიმღერას, შინაარსი ასე გამოიყურება:

,,ბატონო გამგებელო
ჩვენს გარეშე ძნელია
როგორ როგორ როგორ
ავაყვავოთ სოფელი?
ეს ხომ ჩვენი მიზანია
და ოცნება ცისფერი
ჩვენო დიდი კარგო
გამგეობის თავკაცო
და გამგებლის მოადგილევ
არასდროს დაივიწყო
რომ კულტურის სამსახური
სიმღერასაც გიმღერებთ
სოფლის აშენებას
სიმღერა სჭირდება
ჰო და,
ჩვენც გიმღერებთ"



სიმღერის ტექსტის ავტორი უცნობია. 

იხ. ამავე თემაზე: გამგეობამ 5 მლნ ლარი ვერ აითვისა

Print

სტატიის გამოყენების პირობები