ახალი ამბები
კოტე ანანიაშვილის ფოტოს გაზიარების გამო გორის პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გორში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნასყიდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი გახდა იმ ფოტოს გაზიარება, რომელიც კოტე ანანიაშვილის დაჯილდოებას ასახავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოტე ანანიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააჯილდოვა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო იმავე დღეს გამოქვეყნდა. ამ დროს ანანიაშვილი აღარ იყო შიდა ქართლის პოლიციის უფროსი და აღარ პრემიერ-მინისტრის აპარატში მუშაობდა, სადაც რეგიონებთან კოორდინაცია ევალებოდა:

,,შემხვდა ამჟამინდელი პოლიციის უფროსი და მითხრა, სამსახურიდან უნდა წახვიდეო. რა ხდება-მეთქი. შედი ფეისბუქზე და ნახე, რაც ხდებაო. მე ეს ფოტო იმიტომ გავაზიარე, რომ კოტე ანანიაშვილი იყო ჩვენი უფროსი და კარგის მეტი არაფერი მახსოვს. ჩათვალეს, რომ მე გახარიას გუნდის წევრი ვიყავი.'' - ამბობს გიორგი ნასყიდაშვილი.

ნასყიდაშვილი ჯერ გორის შს სამმართველოს მერეთის განყოფილების უფროსობიდან, შემდეგ კი, - საერთოდ საპოლიციო რიგებიდან გაუშვეს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების წყალობით, საქართველოსათვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა. მათ შორის, კოტე ანანიაშვილი.

ანანიაშვილი დღეს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი და პარტია ,,საქართველოსთვის'' ერთ-ერთი ლიდერია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები