ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა დაიწყო.

პირველი საველე ჰოსპიტალი თბილისში დიღომში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ არსებულ ოლიმპიურ სოფელში, სპორტულ დარბაზში მოეწყობა, თუმცა რამდენ საწოლზე იქნება გათვლილი ან როდის ამოქმედდება ის, უწყების ცნობით, დეტალებთან დაკავშირებით ხვალ - ორშაბათს, ჯანდაცვის მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოექსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ჯერ კიდევ 12 აგვისტოს აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლები აუცილებელია. ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ სამედიცინო სექტორი უკვე კრიზისულ მდგომარეობაშია.

"როცა უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია, რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული", – ამბობს ის.

ენდელაძის თქმითვე, ამგვარ ეპიდვითარებაში ყველამ უნდა ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია – "უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არარსებობა"
Print

სტატიის გამოყენების პირობები