ახალი ამბები
ბებნისის საკალმახეში პატრონს დატყვევებული მგელი ჩამოართვეს
მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი, საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, გავიდნენ.

ვიდეოში ჩანს მგლის დატყვევებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტი, კერძოდ, რამდენიმე მამაკაცი მგელს ალკოჰოლურ სასმელს ძალით ასმევდა.

ფაქტს ცხოველთა დამცველები გამოეხმაურნენ და რეაგირება მოითხოვეს:

,, სამართალდამრღვევის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარეული ცხოველის კონფისკაცია მოახდინეს. მგელს ცხვარიჭამიაში, ცხოველთა თავშესაფარში დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე მიაბარებენ.'' - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

სოფელ ბებნისში მცხოვრები სოსო წიქარიშვილი აცხადებს, რომ მგელი წელიწადნახევრის წინ იპოვა და შვილივით გაზარდა. მას ,,კოვიდი'' დაარქვა. ცხოველთა დამცველები ფიქრობენ, რომ მგლისთვის ალკოჰოლური სასმელის ძალით მიღების ფაქტები ხშირი იქნებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები