ახალი ამბები
წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ სასირეთში - ქარელი
,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა საარჩევნო კამპანია სოფელ სასირეთში ჩაატარა. ადგილობრივების განცხადებით, მუნიციპალიტეტში, ზაზა გულიაშვილის მერობის პერიოდში, ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის, სოფელ სასირეთში.

ზაზა გულიაშვილის თქმით, ის ამ სოფელში თითქმის ყველა ოჯახს იცნობს, ამიტომ, არავისთვის უცხო არაა, თუ რომელი კანდიდატი რისი გამკეთებელია:

,,თქვენს ხელში ვარ გაზრდილი, ზოგი კიდევ ჩემ ხელშია გაზრდილი. ამიტომ, კარგად იცით, ვინ რისი გამკეთებელია. მაინც მინდა გითხრათ, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ საკრებულოში არ მეყოლება უმრავლესობა, ძნელია რაიმეს გაკეთება. ამიტომ, როდესაც არჩევნებზე მიხვალთ, უნდა შემოხაზოთ სამივე ბიულეტენი ,,ქართული ოცნების'' სასარგებლოდ'' - უთხრა ზაზა გულიაშვილმა ადგილობრივებს.

სასირეთის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში საჭიროა სანიაღვრეების გაკეთება, რადგან ნალექის დროს, პრობლემებს ქმნის. ასევე, ე.წ. მთავრობის ბინების შესასვლელში გზა მოწესრიგდეს, მეორადი ასფალტით.

ზაზა გულიაშვილი 2014 წლიდან ქარელის მუნიციპალიტეტის არჩეული ხელმძღვანელია (ჯერ გამგებელი, შემდეგ - მერი). ამჯერად, ის ქარელში მესამედ იყრის კენჭს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები