ახალი ამბები
ბათუმში კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა / ,,ბათუმელების'' პირდაპირი ჩართვა
დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე  კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

,,ბათუმელების'' ცნობით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნანგრევებს შორის მოყოლილი მანქანიდან 6-7 წლის ბავშვი გამოიყვანეს. იგი ცოცხალია.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში.

ნანგრევებში ათამდე მანქანაა მოყოლილი.

შს სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან:

Print

სტატიის გამოყენების პირობები