ახალი ამბები
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 2 ბავშვის.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, ასევე, მის მიერ დაქირავებული ორი ადამიანი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,ბათუმელების'' ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები