ახალი ამბები
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა
11 ოქტომბერი, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, გლოვის დღეა. ტრაგედია კორპუსის სადარბაზოს ნგრევას უკავშირდება, რომელიც 8 ოქტომბერს მოხდა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, ასევე, მის მიერ დაქირავებული ორი ადამიანი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,ბათუმელების'' ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები