ახალი ამბები
საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მომსახურებას
საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას უფასოდ მიიღებს.

პროექტს ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის" კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.

ერთობლივი საქველმოქმედო კამპანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს, ოქტომბერს უკავშირდება.

ის ჯერ კიდევ დაიგეგმა 2021 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც  ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვისა" და "ეივონ კოსმეტიკს საქართველოს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის" დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ და Avon-ის დირექტორმა ანა ცხადაძემ.

კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი. მომსახურების განრიგი რეგიონების მიხედვით და კლინიკების ჩამონათვალი კი ასეთია: 



მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეა, რის გამოც ხშირად ოქტომბერს "ვარდისფერ თვედ" მოიხსენიებენ. თითქმის მთელ მსოფლიოში სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ტიპის აქციითა და კამპანიით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას და მხარდაჭერის გამოხატვას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში.

კომპანია Avon-ი 70-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად ერთვება "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიაში, რათა თავისი პოზიტიური გავლენა იქონიოს ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე ათეული წლებია კომპანიას აქვს საქველმოქმედო, "ვარდისფერი ლენტის" ფონდი, რომელში აკუმულირებული თანხებიც სრულად ხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის დაფინანსებასა და ქალების მხარდაჭერას.

საქართველოშიც, სამწუხაროდ, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. თანაც ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკ ჯგუფს მხოლოდ 40+ ასაკის ქალები უკვე აღარ წარმოადგენენ.

ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვისა" და "ეივონ კოსმეტიკს საქართველოს" მიზანი კი ამ კამპანიით სწორედ ის არის, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი გახადოს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები