ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტს ახალი ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული სივრცე ექნება
გორის უნივერსიტეტს ახალი ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული სივრცე ექნება. ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი გვესაუბრა.

მისი თქმით, უნიკალური ეზო, რომელიც სასწავლებელს გააჩნია, ამ იდეის განსახორციელებლად საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.

ძველი, ისტორიული, თუმცა მოძველებული შენობა შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რაც გარკვეულწილად უარყოფითად მოქმედებს უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობაზე.

,,აქ იქნება არა მარტო წიგნების შენახვის ადგილი, არამედ წარმოდგენილი იქნება უამრავი სივრცე, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტებისთვის და ჩვენი მეცნიერ-თანამშრომლების საჭიროებებს; აქ იქნება დასასვენებლი სივრცე, შეკრების ადგილი, რომელიც ხელს უფრო მეტად შეუწყობს ახალგაზრდებისა და მათი პროფესორ-მასწავლებლების ურთიერთობას. აქვე მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს დასვენება და თავისუფალი დროის გატარება შეეძლებათ“ - ამბობს გიორგი სოსიაშვილი.

პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.

გორის უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი უნიკალურ მასალებს შეიცავს, მათ შორის, სამეცნიერო ლიტერატურას. როგორც გიორგი სოსიაშვილი ამბობს, საბიბლიოთეკო ფონდში დაცულია მე-16 და მე-17 საუკუნის მასალებიც კი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები