ახალი ამბები
გორის სოფლებში ჯაბა იოსელიანის პიესა წაიკითხეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: დიცში, მერეთსა და ნიქოზში ჯაბა იოსელიანის პიესა ,,დედოფალი მარიამი'' წაიკითხეს.

ღონისძიება კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა, ხოლო მისი ორგანიზატორი "ილია ჭავჭავაძის საქველმოქმდო ფონდი" იყო.

პროექტის სახელწოდებაა "ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ". პანდემიური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 15, 22 და 24 ოქტომბერს შეხვედრები დამატებით სამ დასახლებაში გაიმართა.

,,თითოეულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული კითხვა-კოსტიუმირებული ინტერმედია, საჯარო ლექცია, ლიტერატურული კომპოზიცია, შემეცნებითი აქტივობები აუდიტორიის ჩართულობით და შეხვედრა მწერალთან. პროექტის მიზანია საქართველოს 200 წლიანი წარსულის გადააზრების ხელშეწყობა, ისტორისა და ისტორიაზე ლიტერატურის რეფლექსიის შესახებ ინფორმაციულობის და შემეცნებითი კომპონენტის გაძლიერება და სამოქალაქო/სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლება. ასევე, წლევანდელი საიუბილეო თარიღის - დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნა რეგიონების ჩართულობით.'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა გაავრცელა.

qartli.ge დაუკავშირდა ფონდის წარმომადგენლობას იმის გასარკვევად, თუ ვისი პიესა იყო, რადგან ამ შინაარსის პიესა ცნობილი იყო ,,უკანასკნელი დედოფლის'' სახელით:

"უკანასკნელი დედოფალი" ჩვენ დავარქვით. ასევე ამ სათაურით იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრში. პიესის ავტორია ჯაბა იოსელიანი. პროექტის ანონსში მის გვარს არ ვახსენებთ-ხოლმე. უბრალოდ გვჭირდებოდა ნაწარმოები კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე და სხვა დრამატურგიული არაფერია, ამ ისტორიულ მონაკვეთზე.'' - გვითხრა ფონდის წარმომადგენლობამ.

,,უკანასკნელი დედოფალი'' - პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა ,,საბჭოთა ხელოვნებაში''. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ჯაბა იოსელიანი იყო XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკოსი, კანონიერი ქურდი, „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე, სამხედრო მეთაური და შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონი“-ის დამაარსებელი და ლიდერი. 




Print

სტატიის გამოყენების პირობები