ახალი ამბები
ლოპანში შეშის მოსატანად წასული მოქალაქეები რუსმა სამხედროებმა დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ლოპანში შეშის მოსატანად წასული 2 მოქალაქე რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

დაკავებულები არიან ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე. მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებას კიდევ 3 მოქალაქე გადაურჩა:

,,მაგ ტერიტორიაზე ყოველთვის მივდიოდით ხოლმე და არასდროს ყოფილა პრობლემა. არც არავის ვყავდით გაფრთხილებულები, რომ საშიში იყო მანდ ყოფნა. ვიყავით შეშაზე წასულები. უცბად, მომესმა ჩემი ბიჭის ხმა - არ ისროლოთო. ეგ ორი ბიჭი წაიყვანეს, ჩვენ მოვასწარით წამოსვლა'' - ამბობს ზაზა მელიქიშვილის მამა.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყონებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები