ახალი ამბები
,,ენმ'' - ,,კურტანიძე არ არის ჩვენი პარტიის წევრი''
ქარელში, კოვიდუბანზე, ჟურნალისტს სცემეს. გია კურტანიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა ირაკლი კოშაძეს მიაყენა. ამის გამო, ის ძალადობის მუხლით დააკავეს და ქარელის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

კურტანიძე უბანზე ცესკოს მიერ გაცემული ,,ბეჯის'' გარეშე იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელ პარტიას წარმოადგენდა, მისი მხრიდან გაღიზიანება მოყვა.

საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გია კურტანიძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ კურტანიძე მათი წევრი არასდროს ყოფილა.

,,ეს ადამიანი არ არის ჩვენი წევრი და, შესაბამისად, ვერ მოხდება მისი გარიცხვა პარტიიდან. რომ იყოს ჩვენი წევრი, გავრიცხავდით. როგორც გავარკვიე, კოვიდუბანზე ჰყოლიათ დამკვირვებლად გაგზავნილი. მაშინვე მოვხსენით უბნიდან და სამართალდამცველებისგან რეაგირებას ვითხოვთ' - აცხადებს ბადრი ბასიშვილი, ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

როგორც ირკვევა, გია კურტანიძე უბანზე ქარელის რაიონული ორგანიზაციიდან იყო დამკვირვებლად გაგზავნილი. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ილია ბურჯანაძე განმარტავს, რომ კურტანიძე, როგორც ასეთი, ნაციონალური მოძრაობის წევრი არაა:

,,ეს პიროვნება ჩვენი პარტიის წევრი არ არის, იყო უბრალოდ მხარდამჭერი და ბიჭებმა ჩასვეს დამკვირვებლად. ჩვენ მის ქმედებას ვემიჯნებით და ყველანაირ კომუნიკაციას ვწყვეტთ'' - აცხადებს ილია ბურჯანაძე.

რაც შეეხება დაზარალებულ ჟურნალისტს, ის პირობას დებს, რომ კურტანიძეს პოლიციაში უჩივლებს. კოშაძე ტელეკომპანია ,,დიას'' დირექტორის მიერ დაფუძნებულ მეორე ტელევიზიის - ,,ტვ მონიტორინგის'' ჟურნალისტია. ეს ტელევიზია წინასაარჩევნო პერიოდში დაარსდა და მისი გადაცემების უმრავლესობა ოპოზიციის კრიტიკას ეძღვნება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები