ახალი ამბები
გორის სასამართლომ ცოლის 3-ჯერ ცემაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო
გორის რაიონულმა სასამართლომ ქალზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება შიდა ქართლის საოლქო პროკურატურირის პროკურორმა, მორის ჩუბინიძემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. 2021 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლოს განაჩენი არ შეცვლილა.

მორის ჩუბინიძე აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მეუღლის მიმართ ქალმა ჩვენება არ მისცა, არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვით, ქალის ცემა, თანაც 3-ჯერ, სახეზეა.

პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებული გ.გ ცოლის მიმართ სისტემატიურად ძალადობდა, კერძოდ:

2019 წლის 11 მაისიდან 2020 წლის 2 ივნისის პერიოდში,  არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისათვის ნასამართლევი გ. გ–ი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ ......ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას:

2020 წლის მაისის შუა რიცხვებში, დაახლოებით 19:00 საათზე, 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისათვის ნასამართლევმა, ნასვამმა გ. გ–მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ ....ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს  უმიზეზოდ დაარტყა მუშტი ზურგში.

2020 წლის 30 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისათვის ნასამართლევმა, ნასვამმა გ. გ–მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ ....ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს უმიზეზოდ დაარტყა მუშტი მხარში.

2020 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 23:20 საათზე, ნასვამი გ. გ–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე კ–ს რაიონის სოფელ .....ში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით გ. გ–ი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა გ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულები დან.

,,განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა თავისი მეუღლის - გ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, დაზარალებულის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით  სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო დანაშაულის ჩადენის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, არცერთი მათგანი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და, შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. გ–ს მიერ იკრიმინირებული ქმედებების ჩადენას.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები