ახალი ამბები
კუდატყე და გივი გაბარაშვილი


გივი გაბარაშვილი სოფელ კუდატყეში მარტო ცხოვრობს. სწუხს, რომ სასმელი წყლის მილი მერიამ წლევანდელ არჩევნებამდე არ უყიდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სასმელი წყლის სისტემას მაინც გაუკეთებდნენ.

თუმცა, როგორც ქარელის სოფელ ახალსოფლის წარმომადგენელმა აცნობა, წელს ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს:

,,უფროსს ვუთხარი შენი წყლის ამბავი, მაგრამ ესე მითხრა – წელს ვერ მოესწრებაო. რა ვიცი, ვინ უფროსს უთხრა – გამგებელს თუ სხვა ვინმეს, არ ვიცი“ - ამბობს გივი გაბარაშვილი.

ქარელის მერიამ ერთი შეხედვით სამუშაოები დაიწყო. წყაროზე თხრილი გააკეთა, ძველი მილი ამოიღო, მაგრამ სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანა. ახლა, წყაროს წყალი ღიად მოედინება, სადაც წვიმა ჩადის, ხოლო შემოდგომის მზიან ამინდში ფოთლები ცვივა:

,,სულ წყალში ხომ არ ვიქნები, რომ ფოთლებისგან ვწმინდო. ამოვდივარ მაშინ, როცა ოდნავ დაიწმინდება წყალი და მაშინ მიმაქვს სახლში. სხვა დროს, თუ ქარელში მივდივარ, იქიდან მომაქვს წყალი. ფეხით მივდივარ და მოვდივარ – აბა, რით ვივლი?“ - აცხადებს გივი გაბარაშვილი.

სასმელი წყლის პრობლემას პირადად ასე თუ ისე, აგვარებს, როდესაც ფეხით ქარელში ან უახლოეს სოფლამდე მიდის, მაგრამ ყველაზე მეტად საქონელი ეცოდება, რომელსაც წყაროს წყალი არ ყოფნის:

,,ამოთხარეს ისე, რომ კოჭში (წყლის ავზი) არ ჩადის წყალი. საქონელს ხომ უნდა წყალი. წამოვლენ წყაროსკენ, სვამენ რაც შეუძლიათ, მაგრამ არ ყოფნით. მერე ეს წყაროც იმღვრევა და ასე. მეორე წყაროა, იმას საერთოდ არ სვამენ. ჭაობივითაა ის მეორე წყარო.“ - ამბობს გივი გაბარაშვილი.

ასეთი ყოფა დაგხვდა სოფელში. გივი ზამთრისთვის ემზადება. შეშას იმარაგებს. დიდი თოვლის აღარ ეშინია, რადგან წლებია ამ მხარეში დიდი თოვლი აღარ მოდის.



,,ჩემ ბავშვობაში აქ იმხელა თოვლი მოდიოდა, რომ გზის გაკვალვას ვერ ავუდიოდით. წყაროზე ვერ ჩახვიდოდი ხოლმე, ისეთი თოვლი მოდიოდა. ახლა, სადაა თოვლი?“

ჩვენი მასპინძელი სოფლის ძველი სკოლის შენობაში ცხოვრობს. მისი სახლი სიძველისგან საცხოვრებლად აღარ გამოდგება. შემორჩენილია კიდევ რამდენიმე სახლი, რომელთა მეპატრონეები ზოგი საქართველოშია, ზოგი მის ფარგლებს გარეთ – ჩრდილოეთ ოსეთში.

სოფელში ძირითადად ცხოვრობდნენ: გაბარაშვილები, თულოშვილები, ჯუჩოშვილები, ჯაღიშვილები. დაახლოებით 25 კომლი იყო.

,,ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო წასვლა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს. ზოგი კეხიჯვარში ჩავიდა, ზოგი – გორში, ზოგი ქარელში. ეს არეულობა რომ დაიწყო, ვინც იყო დარჩენილი, ვლადიკავკაზში წავიდნენ. ახლა ვიღა ამოვა აქ? ვინც შემორჩენილია საქართველოში, ამოდიან ხოლმე ზაფხულობით. მაგრამ, ეს წელიწადში ერთხელ. სხვა დღეებში სულ მარტო ვარ“ - ამბობს გივი.

იგი იხსენებს, რომ სოფელი 1990-იანი კონფლიქტის დროს, მისმა მშობლებმა არ მიატოვეს:



,,მე სამხედროში რომ წამიყვანეს, ქუთაისში დავრჩი, იქ დავოჯახდი. ცოტა ხანი წასული ვიყავი მეც, მაგრამ ჩემი მშობლების გამო დავბრუნდი. ახლა ორივე გარდაცვლილია. არ მიატოვეს აქაურობა და მეც ჩამოვედი. ახლა, აქ ცოტა საქონელი და ვუვლი. მე რომ არ ვიყო აქ, ორ-სამ დღეში, აქ ვეღარაფერს ნახავთ.“ - გვეუბნება მასპინძელი.

სასაუბროდ, ერთ-ერთი ძველი ხის სახლის გვერდით ჩამოვსხედით. მართალია, სახლი ძალიან მოძველებულია, მაგრამ თავისი ხიბლი და სიალამაზე შენარჩუნებული აქვს:

,,აი, ეს სახლი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა იყო. რამდენჯერ შევუთვალე იმის შვილებს, მაგრამ ვერ ამოდიან, ვერ აქცევენ ყურადღებას,“



კუდატყე ძამის ხეობაში მდებარეობს, უფრო სწორად, მდინარე ძამის მარცხენა სანაპიროს ქედზე შერეული ტყის გასწვრივ. ამ სოფლის შემდეგ იწყება – ჯაგარაანთკარი, სადაც აღარც ერთი ადგილობრივი ცხოვრობს. იქ გველესიანების ოჯახს ფერმა აქვთ მოწყობილი. ჯაგარაანტკარის შემდეგ სოფელი სუქითია. ამ სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზა ტყის პირას გადის. წვიმის და თოვლის დროს, თითქმის გაუვალია:

,,აი, მაგ გზაზე დავდიოდით ხოლმე სკოლაში. 4 კლასი აქ იყო, მერე მივდიოდით ოქროსოფელში. უნდა გაგევლო ჯაგარაანთკარი, მერე სუქითი და მერე ოქროსოფელი. სულ სველი რომ მოხვალ, თოვლსა და წვიმაში, რა უნდა გესწავლა?“- იხსენებს გივი.

როგო წარმოუდგენია კუდატყის მომავალი? გივი გვეუბნება, რომ აქაურობას მხოლოდ საძოვრებად თუ გამოიყენებს ვინმე:

,,თუ ვინმე ამოვა, საქონელი უნდა იყოლიოს, ცხვარი ჰყავდეს. სხვა რა უნდა გააკეთო აქ. ვინც წავიდნენ აქედან, იმათ აღარ შეუძლიათ დაბრუნება და მაშინ სხვა მოვა. სხვა დაიკავებს ან იქირავებს მიწებს“

ჩვენი მასპინძელი იხსენებს რამდენიმე ხნის წინ მღვდელის ვიზიტს, რომლებაც კუდატყე და მიმდებარე სოფლები დაათვალიერეს:

,,მღვდლები იყვნენ აქ. ეკლესიის აშენება გვინდაო, კელიების დადგმაო. წყალი თუ შეგვიძლია, რომ გავაკეთოთო. რა ვიცი, რას იზამენ. იმერლები იყვნენ აშკარად.“ - ამბობს გივი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები