ახალი ამბები
ოქროსოფელი


კუდატყეში როცა ვიყავით, იქ ერთადერთმა მცხოვრებმა გვითხრა, რომ ბავშვობაში ოქროსოფლის სკოლაში დადიოდა. ოქროსოფლამდე კი მანძილი 3-5 კმ არისო.

ჩვენც იმ გზას გავუყევით, რომელ გზითაც კუდატყის ბავშვები 30 წლის წინ 8 კლასიან სკოლაში დადიოდნენ.

ნაწილი გზა მინდორზე გადის. ნაწილი კი – ტყეში. გავიარეთ დაცარიელებული სოფელი ჯაგარაანთკარი. აქ ადგილობრივი მცხოვრები აღარავინაა. მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც ფერმაა აქვს გაშენებული. საქონელი სავარაუდოდ საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი, ადგილზე არ დაგვხვდა.

გავუყევით გზას და სოფელი სუქითი გამოჩნდა. ამ სოფელში 2 წლის წინ ვიყავით. დასახლებას ზემო მხრიდან მივუახლოვდით და მაცხოვრის სახელობის უძველესი ეკლესიას დავინახეთ.

მაშინდელ რეპორტაჟში მოგიყევით, რომ სუქითში ცოლ-ქმარი ალიოშა ბესტავაშვილი და ნანული ხაჩიძე ცხოვრობდნენ. სოფელში მათი შვილი, გელა ბესტავაშვილი დაგხვდა და სამწუხარო ამბავიც გვითხრა – მამაჩემი შარშან დაიღუპაო. თვითონ აგარაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ბოლო ერთი წელია დედასთან ერთად სუქითში ცხოვრობს. დიდი ხანი აღარც ჩავსულვარ ბარშიო – გვითხრა გელამ. გვთხოვა, რომ რომელიმე სადღესასწაულო დღეს ვესტუმროთ.



რაკი ზამთრის პირია და დღე შემოკლებულია, გავაგრძელეთ გზა და ოქროსოფლის აღმართსაც ავუყევით. აქაც უძველესი ეკლესიის ნანგრევებს გავუარეთ, რომელიც ოქროსფრად შეფერადებულ მუხებშია ჩამალული.

კლდეების ზომით მივხვდით ადრეული შუასაკუნეების პერიოდისაა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, რომ ოქროსოფლის ეკლესია გრიგოლ ხანძთელის ნამოწაფრის აშენებული იქნებოდა.

ოქროსოფელი მთებს შორის მოქცეული სოფელია. რუკამ გვიჩვენა, რომ ამ სოფლის შემდეგ უკვე ხაშურის მუნიციპალიტეტი იქნებოდა. მკუდატყიდან ოქროსოფლამდე მანძილი იმაზე მეტი აღმოჩნდა, რომ ვიდრე კუდატყელმა მასპინძელმა ივარაუდა.

ფაქტობრივად, ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლების ბავშვები ამ გზაზე, განსაკუთრებით, ზამთარში რთულ პირობებში დადიოდნენ და სწავლობდნენ.

ოქროსოფელში აღმოსავლეთ მხრიდან შევედით. სოფელში 3 გზა მიდის – სამივე სხვადასხვა უბანში. შორიდან ბევრი სახლი მოჩანს, მაგრამ როგორც გაირკვა, მხოლოდ, 5 ოჯახი ცხოვრობს.

თავდაპირველად, ბოღაშვილების ეზოში შევედით. ახალგაზრდა მამაკაცმა გვითხრა, რომ ყველაზე უკეთ ამ სოფლის შესახებ, ყოფილი პედაგოგები ისაუბრებდნენ, რომლებიც გვერდით სახლში ცხოვრობენ.

ასე გავიცანით ვოვა ჩიბირაშვილი და მისი მეღლე ალვინა გაგლოშვილი. ვოვა უკვე 80 წლისაა.მან პედაგოგად მუშაობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო. შემდეგ სურამში გადავიდა.



ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო. მომავალი მეუღლე სწორედ იქ გაიცნო. შემდეგ, ოქროსოფლის სკოლის დახურვის შემდეგ, მუშაობა ქარელის მეორე საჯარო სკოლაში გააგრძელა. 5 წელია, რაც საპენსიო ასაკის გამო, სკოლა დატოვა. ამჟამად, ცოლ-ქმარი სოფელში ცხოვრობენ.

მათ გვითხრეს, რომ ერთ დროს სოფელში 80-მდე კომლი იყო. 8-კლასიან სკოლაშიც 80-მდე ბავშვი სწავლობდა.

სოფელი ძირითადად, 1990-იან წლებში, ,,ქართულ-ოსური კონფლიქტის“ დროს დაიცალა. ეთნიკური ოსები ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ. ნაწილი კვლავ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ.

სოფელში დარჩენილები აღნიშნავენ, რომ ცუდი გზის გამო, ბევრი პრობლების წინაშე დგებიან:



,,ეს გზა ძალიან გვაწუხებს. შვილები მუშაობენ, იშვიათად ჩამოდიან. შვილიშვილებიც მხოლოდ 10 დღე თუ გასძლებენ აქ. მერე ისევ მიდიან. თან ეშურებიან კარგ ამინდს, რომ ტალახის დროს, ვერ შეძლებენ გადაადგილებს. მიწა ისეთია, რომ წვიმის დროს, მანქანა ცურავს“ - გვითხრა ალვინამ.

მან გაიხსენა ერთი ისტორია, როდესაც მათმა თანასოფლელმა, ციური ბოღაშვილმა ხერხით ხელი დაიზიანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა სოფლამდე ვერ ავიდა:

,,მანქანა ვერ ამოვიდა აღმართზე. მანქანა ცურავს. გამოიძახეს სამაშველო. ჩვენ სადამდეც შეგვეძლო, იქამდე ჩავიყვანეთ ქალი. როგორც იქნა მივაღწიეთ იქამდე. ძალიან ცუდად მახსენდება ეს დღე“ - ამბობს ალვინა.

სოფელში დენი 5 წლის წინ გაიყვანეს. მანამდე, 26 წლის განმავლობაში, დენი არ ჰქონდათ. სასმელი წყლის მილებიც დაამონტაჟეს, მაგრამ დასალევად არ იყენებენ, რადგან უხარისხოა. ხოლო სოფლის წყაროზე წყალი ძალიან ცოტა მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემებია, პედაგოგები ძალიან განცდიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს – ოპოზიციასა და პოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებას. ,,მინდა, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში. ტელევიზორში რასაც ვუყურებ, ძალიან განვიცდი“ - ამბობს ალვინა გაგლოშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები