ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ მიხეილ სააკაშვილთან რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფიც მორიგეობს
ინციდენტების გარეშე ჩაიარა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ.

ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ერთგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სამართლებრივად დაფიქსირება და კმაყოფილი ვართ იმ პროცედურით, რაც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ხვალიდან უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით. ადვოკატების ვიზიტები გასაგებია, რომ შეუზღუდავია, მაგრამ გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და აქ უკვე ჯანდაცვის სამინისტროა წამყვანი უწყება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და იგი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

"ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად. მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, იქვე ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. მდგომარეობა მძიმეა, რთულია. ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, ამჟამად იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, შუადღისას დაახლოებით, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას ადგილობრივ ექიმებთან. საკმაოდ ბევრს მე ვიცნობ, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. ამის გარდა მორიგეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც დღეს დარჩებიან და სულ იქნებიან აქ მორიგეობით. ნინო ლომჯარიას კონსილიუმი ალბათ შედგება დაახლოებით ორ დღეში. სტაბილურობას ვერ დავარქმევთ ავადმყოფის მდგომარეობას, რომელიც რამდენი დღეა შიმშილობს, სტაბილურად კრიტიკულია. ავადმყოფი გადავიდა ინტენსიური თერაპიის პალატაში", - განაცხადა პირადმა ექიმმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები