ახალი ამბები
სააკაშვილი თბილისის სასამართლოში გადაიყვანეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. პროცესს პირველად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი.

ის გორის ჰოსპიტალიდან დილის 9 საათზე წაიყვანეს.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და შიმშილობა გამოაცხადა. მას შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის გარეშე სამჯერ გაიმართა სხდომები.

სამივე შემთხვევაში სააკაშვილი სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და "დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის".

სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები