ახალი ამბები
რა საფრთხეს შეიცავს გორის ჰოსპიტალში მდგარი ,,ჯამერი'' - თემურ ჯანაშიას განმარტება
მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის წევრი თემურ ჯანაშია აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალის ეზოში მდგარი ,,ჯამერი'' ჩართულია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულა:

,,მინდა, ყურადღება შევაჩერო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჯამერი, ეს მანქანა ისევ ადგილზე დგას. მაგრამ მივიღეთ განმარტება, თითქოს ის გამორთულია და არ მუშაობს. როცა პრეზიდენტთან ვიყავი, მქონდა საშუალება რადიოთი გამესინჯა ტალღები.  როგორც ჩანს არის ჩართული.  მთლიან სიმძლავრეზე არა. უფრო არის ჩართული FM-ის ზედა ტალღებზე. მიუხედავად ამისა, ეს მაინც წარმოადგენს პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას. ამბობს, რომ აქვს უჩვეულო თავის ტკივილები და ექიმები ვერ ხსნიან ამასო. თვითონაც შეშფოთებულია ამით. როგორც პრეზიდენტმა მიამბო, ტელევიზორის ანტენა არ მუშაობდა და მოუწიათ გრძელი კაბელის გაჭიმვა.'' - განაცხადა ჯანაშიამ.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს მანქანა გადაიტანონ და სხვა ადგილას დადგან:

,,მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ვთხოვო, ეს მანქანა შეიძლება სხვაგანაც დადგან და იმ ადგილიდან მოაშორონ. არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, როდესაც მას ორმოცდაათი დღე აქვს ნაშიმშილარი. პანიკას არ ვთესავთ, მართლა მოსაცილებელია ეს მანქანა. რა თქმა უნდა, სახლშიც ვხვდებით ამ ტალღებს, ელექტრომაგნიტურ ტალღებს, მიკროტალღურ ღუმელს ვხმარობთ. უბრალოდ აქ ლაპარაკია ხანგრძლივობაზე. ვინც აქ მუშაობს, არის ცვლაში, ან რვა საათი მუშაობს და მისთვის ეს არ იყოს შესამჩნევი. ამ ადამიანისთვის კი ეს სახიფათოა. მე ვფიქრობ, რახან FM-ის სიხშირე გამოდის, ეს უფრო დრონებისთვის არის დაყენებული. რეალურად მაგას აქვს უფრო დიდი დიაპაზონი, მაგრამ ყველა სიხშირე არაა ჩართული. ეს არაა პატარა გამოსხივება, როცა ის 24 საათის განმავლობაშია ჩართული. არ შეიძლება ასე მივუშვიროთ ეს ადამიანს. არ იქნება ეს ასე ძლიერი გამოსხივება, იციან თვითონაც, მაგრამ მაინც არ შეიძლება.'' - განაცხადა ჯანაშიამ
Print

სტატიის გამოყენების პირობები