ახალი ამბები
,,ღმერთო ჩემო!'' - როგორ მიმდინარეობს პროცესები გორის სასამართლოში
გორის სასამართლოს საქმიანობის შესახებ დღეს ანგარიში ნაზი ჯანეზაშვილმა წარმოადგინა. პრეზენტაციის დროს, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ის კომენტარები, რომლებიც მოხალისეებმა სხდომების დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ასე მაგალითად, ერთ-ერთი მოხალისე ამბობს: - "მოსამართლე ხმამაღლა მიმართავდა მხარეებს და მოწმეებს. რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება დროსთან დაკავშირებით, პატივი ეცათ როგორც მოსამართლის, ასევე მათი დროისათვის. მოსამართლე არ მიმართავდა თქვენობით, ხშირად იყენებდა ტერმინებს "ხო, კაი", რაც მიმაჩნია, რომ არც ისე კორექტულია. ასევე იყენებდა ისეთ ჟესტიკულაციას, რომ ვფიქრობ, მოსამართლეს სურდა მალე დაესრულებინათ პროცესი. ასევე უჭირდა პროკურორის და ადვოკატის კამათის შეჩერება, იყენებდა ტერმინებს "კაცო", "ხალხო". გარდა ამისა, უკმაყოფილება გამოთქვა ვიდეოჩანაწერის დაგვიანებით ჩვენების გამო - "ღმერთო ჩემო". მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადვოკატების კინკლაობამ დააკარგვინა დიდი დრო".

თუმცა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოსამართლის საქმიანობამ პოზიტიური განწყობა შექმნა:

"ვფიქრობ, რომ პროცესი მიმდინარეობდა სამართლიანად. ამ პროცესზე კარგად ჩანდა მოსამართლის [ნინო გოგატიშვილის] მიერ საქმის მასალების კარგად ცოდნა. ვინაიდან საკითხი ეხებოდა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას, მოსამართლემ გამოარკვია, ჰქონდათ თუ არა ბავშვებს სურვილი სასამართლოს წინაშე დაეფიქსირებინათ თავისი აზრი. ამის შემდეგ მოსამართლემ სპეციალურად მომზადებულ ოთახში გამოჰკითხა ისინი. მოსამართლე გარკვევით და არაერთხელ იმეორებდა შეკითხვებს მოსარჩელის მიმართ, რომელსაც სურდა მასთან გადასულიყვნენ ბავშვები საცხოვრებლად. მოსამართლე ცდილობდა დეტალურად გამოერკვია რამდენად იქნებოდა ბავშვების ინტერესები დაცული თუ სარჩელი დაკმაყოფილდებოდა. შესწავლილი იქნა ოჯახური მდგომარეობა, ბავშვებთან ურთიერთობის საკითხი, ფინანსური მდგომარეობა, ვინ იზრუნებდა ბავშვებზე, როდესაც მოსარჩელე (მამა) სახლში არ იქნებოდა და ა.შ. საბოლოოდ შემდეგი სხდომა ჩაინიშნა მხარეებთან შეთანხმებით".

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსამართლეს ორივე მხარის მიმართ ჰქონდა კეთილგანწყობილი და ობიექტური დამოკიდებულება. მოსამართლე მკაფიოდ და გასაგებ ენაზე ასაბუთებდა თითოეულ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას. მოსამართლემ ისეთი გარემო შექმნა, რომ ყველაფერი მიმდინარეობდა უშუალოდ. მე პირადად ვისურვებდი თუ სასამართლოში დავა მომიწევდა სწორედ ეს მოსამართლე [თეა თაყაძე] ყოფილიყო ჩემი საქმის მსაჯული".

"მოსამართლემ [ლევან დარბაიძემ] ასაკოვან მამაკაცს შესთავაზა სკამი რადგან შეამჩნია, რომ დაკითხვის დროს გაუჭირდებოდა დგომა. ასევე დაკითხვის პროცესში, როდესაც შეატყო, რომ საუბარი უჭირდა მოითხოვა მისთვის წყალი და მხარეებს მიმართა გაეთვალისწინებინათ მოწმის ფიზიკური მდგომარეობა და კითხვები ხმამაღლა კონკრეტულად და მკაფიოდ დაესვათ, რათა მათი პროცესი მარტივად გაგრძელებულიყო."

,,სასამართლოს გუშაგის'' მოხალისეები არიან: მარიამ ქანაშვილი (გორი), ლიკა გოგიშვილი (გორი), გვანცა იჩქითი (გორი), ნატალია ბარათაშვილი (თბილისი), ნათია ჯანეზაშვილი (გორი), დავით სოლომონიძე (თბილისი), მარიამ კაპანაძე (გორი), ნათია ბერუაშვილი (გორი), ქეთევან ბერიძე (გორი), ბახვა ხარაიშვილი (თბილისი), მარიამ ქვარცხავა (თბილისი), ვიქტორია ფრუიძე (გორი), ნიკოლოზ ქამაშიძე (თბილისი), ნინო ადუაშვილი (გორი) და მარიამ ქობალია (თბილისი).

მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 16 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში.

,,დამკვირვებლები რეგულარულ რეჟიმში ესწრებოდნენ პროცესებს დღის განმავლობაში 11 სთ-დან 17 სთ-მდე პერიოდში. რაც შეეხება კონკრეტული საქმეების შერჩევას, მოხალისეები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ სასამართლო პროცესს დააკვირდებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მოხალისეები ცდილობდნენ, რომ
მონიტორინგისთვის განსაზღვრული დროის განმავლობაში მოეცვათ მაქსიმალურად მეტი რაოდენობის სასამართლო პროცესი. ორგანიზაცია შეეცადა, რომ პროცესების შერჩევის დროს მოეცვა საქმეთა ყველა კატეგორია, თუმცა საბოლოო ჯამში რაოდენობის თვალსაზრისით სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეები აჭარბებს ადმინისტრაციულ საქმეებს.'' - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მისი განმარტებით, თითოეულ სასამართლო პროცესს დამკვირვებლები ინდივიდუალურად ესწრებოდნენ, რადგან სასამართლო პროცესზე ამ ფორმით დაკვირვება უფრო მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და უკეთ ასახავს სასამართლოსთან მიმართებით რიგითი მომხმარებლის გამოცდილებას.

მონიტორინგი ჩატარდა 69 სხდომაზე (აქედან სისხლის სამართლის საქმე - 38, სამოქალაქო - 26, ადმინისტრაციული - 5).

სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესის დაგვიანების მიზეზები, როგორც დამკვირვებლებმა განმარტეს შემდეგია:

- პენიტენციური სამსახურის პრობლემა (2 შემთხვევაში).

სისხლის სამართლის საქმეებზე პროცესების ჩატარების დრო

23% - პროცესი დაიწყო 10 წუთზე მეტი დაგვიანებით
48%- პროცესი დაიწყო 30 წუთზე მეტი დაგვიანებით
29%- პროცესი დაიწყო დროულად

- სასამართლო სხდომაზე დააგვიანა მოსამართლემ, დაგვიანების მიზეზი უცნობია (3 შემთხვევაში); ხოლო ერთ პროცესზე მოსამართლემ დააგვიანა პირადი მიზეზის გამო, რაც მოსამართლის თქმით, მხარეთათვის ცნობილი იყო.

ერთ-ერთ საქმეზე კი მოსამართლის მხრიდან სხდომაზე დაგვიანების მიზეზი წინა სხდომის დიდხანს გაგრძელება იყო.
- პროკურორებმა დააგვიანეს სასამართლოს 2 სხდომაზე, აქედან ერთი იმყოფებოდა სხვა პროცესზე, ხოლო მეორე - დისტანციურად საქმის განხილვაში დროულად არ ჩაერთო (მიზეზი უცნობია).
- სხდომაზე დაიგვიანა დაცვის მხარემ.
- პროცესზე დააგვიანა ბრალდებულმა.
- დააგვიანა მოწმემ (2 შემთხვევაში).
- სხვა დანარჩენ შემთხვევებში დაგვიანების მიზეზები უცნობია.

სამოქალაქო საქმეებზე პროცესების დაგვიანების მიზეზები:
- პროცესზე დააგვიანა მხარემ (2 შემთხვევაში).
- ერთ-ერთ პროცესზე წარმოიშვა ტექნიკური ხარვეზი აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით.
- მოსამართლე დაგვიანებით შევიდა სხდომათა დარბაზში, თუმცა სასამართლო სხდომა მაინც არ დაწყებულა, ვინაიდან აგვარებდნენ დისტანციურად ჩართვის საკითხს. გარდა ამისა სასამართლო პროცესზე დააგვიანა მოსამართლემ (4 შემთხვევაში), მიზეზი უცნობია.
- ერთ-ერთ პროცესზე დააგვიანა მოპასუხის ადვოკატმა, რომელმაც მოსამართლეს გააცნო შესაბამისი ინფორმაცია.

სამოქალაქო საქმეებზე პროცესების დაწყების დრო

50% პროცესი დაიწყო დროულად
42% პროცესი დაიწყო 10 წუთზემეტი დაგვიანებით
8%პროცესი დაიწყო 30 წუთზე მეტი დაგვიანებით

ადმინისტრაციულ საქმეებზე ერთ-ერთი პროცესი დაიწყო 30 წუთის დაგვიანებით, ხოლო მეორე - 15 წუთის დაგვიანებით, როგორც დამკვირვებელი განმარტავს, ამ შემთხვევაში მოსამართლემ დააგვიანა პროცესზე, მაგრამ მიზეზი უცნობია. სხვა დანარჩენი 3 პროცესი დროულად დაიწყო.

რეკომენდაციები:

- სასამართლო პროცესზე მოსამართლეები გასაგებად საუბრობდნენ, რაც მხარეებს და დამკვირვებლებს ინფორმაციის აღქმას გაუადვილებს;
- მოსამართლეებმა საკმარისი სიცხადით განმარტონ, როგორც პროცესის დროს მიღებული, ისე საქმეზე გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებები;
-  მოსამართლე სხდომის გახსნისას გაეცნოს მხარეებს და სხდომათა დარბაზში იყოს მოსამართლის სახელის და გვარის აღმნიშვნელი წარწერა;
- მოსამართლემ კორექტულად მიმართოს მხარეებს და არ გამოიყენოს მხარეების მიმართ ფამილიარული მიმართვის ფორმები;
- მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი სასამართლო პროცესების დროულად დაწყება. ხოლო დაგვიანების შემთხვევაში, მოსამართლემ გასაგებად განმარტოს დაგვიანების მიზეზები და ზოგადად იზრუნოს, რომ შემცირდეს დაგვიანების შემთხვევები;
- მოსამართლეთა მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევას საჭიროებს პროცესუალური საკითხების ზედმიწევნით განმარტება იმ მხარეებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი/ადვოკატი;
- სასამართლო დარბაზებში აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზები, რათა სასამართლო პროცესები წარიმართოს შეუფერხებლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები