ახალი ამბები
სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას გიორგი ბესტაუთის სახელი მიენიჭა
ადვოკატ ბადრი მანჯავიძის ინიციატივით, თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას, გიორგი ბესტაუთის სახელი მიენიჭა.

გიორგი ბესტაუთი გორის რაიონში დაბადებული ოსი პოეტი და მთარგმნელი იყო. მან ქართულ ენაზე თარგმნა კოსტა ხეთაგუროვის (ხეთაგგათი) ლექსები და პოემები, ასევე მან თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი“ ოსურ ენაზე, გარდა ამისა - აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და სხვა დიდი ქართველი მწერლების შემოქმედებებიც. პოეტი ერთი პერიოდი ჟურნალ ,,ირისტონის“ რედაქტორადაც მუშაობდა ქალაქ ცხინვალში.

თავად იდეის ავტორმა როგორც აღნიშნა - ,,დაგვიანებული საქმე იყო მისი დაფასება“.

ადვოკატი და უფლებადამცველი ბადრი მანჯავიძე 2019 წლის დეკემბერში ჩასული იყო ცხინვალში და მოინახულა პოეტის საფლავი. ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა განცხადებით, რათა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დარქმეოდა გამოჩენილი ოსი პოეტის გიორგი ბესტაუთის სახელი. შარშან თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას გიორგი ბესტაუთის სახელი მიენიჭა, ამა წლის დეკემბრის თვეში კი მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის აღმნიშვნელი ბანერები დამონტაჟდა.

,,ქ ოსი და ქართველი ხალხებისთვის დაგვიანებული, მაგრამ უდაოდ მისალოცი ამბავია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“, . ახლა ჯერი ცხინვალის მხარეზეა, ნამდვილად იმსახურებს გიორგი ბესთაუთის სახელი უკვდავყოფილი იყოს იმ ქალაქშიც, რომელშიც სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა.“ - განაცხადა ბადრი მანჯავიძემ.
პოეტი 1978 წელს, ცხინვალში, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები