ახალი ამბები
კასპის ცენტრალურ ქუჩაზე 2 თვის განმავლობაში ავტომანქანების მოძრაობა ცალმხრივი იქნება
კასპში, ცენტრალურ ქუჩაზე, თითქმის 1 კმ-იანი არხი გაიჭრება. ამ მიზნით, დაახლოებით 2 თვის განმვალობაში მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღმაშენებლის ქუჩა დახრილია, შესაბამისად, ნალექის დროს წვიმისა და თოვლის წყალი მოსახლეობის ეზოებში შედის.

გზის რეაბილიტაცია 2014-2015 წლებში ისე ჩატარდა, რომ სანიაღვრე არხი არ გაკეთებულა.

,,წვიმის დროს იტბორება, მიზეზი აღნიშნული პრობლემის არის ის, რომ არა საკმარისია სანიაღვრე ჭები. ასევე გზას აქვს ცალმხრივი ქანობი მოსახლეობისკენ და შესაბამისად მთელ გზაზე მოსული წყალი არ ნაწილდება ორივე მხარეს, რაც საბოლოო ჯამში იკრიბება მარჯვენა ტროტუართან და მოსახლეობის შესასვლელებთან, შესაბამისად უამინდობის დროს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. იქედან გამომდინარე, რომ მონაკვეთი მდებარეობს ქალაქის მჭიდროდასახლებულ ადგილას არხი გადახურული იქნება ლითონის კონსტრუქციებით. წყალი წავა მდ. ლეხურაში.'' - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შედგენილ დოკუმენტში.

დღეს დამთავრდა ტენდერი, სადაც მონაწილეობა კომპანია ,,მილენიუმ ბილდერ გრუპმა'' მიიღო. კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ სამუშაოები ნაცვლად 512 000 ლარისა, 400 000 ლარად შეასრულოს.  სამუშაოები სავარაუდოდ იანვრის ბოლოდან დაიწყება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები