ახალი ამბები
გორის მერი დაინტერესდა, თუ როგორ გაიხარჯა ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტი ბოლო 3 წელიწადში
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაიქირავა კომპანია, რომელიც შეისწავლის იმ ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტურობას, რომელიც გორის მერიამ ევროკავშირისგან მიღებული გრანტის მეშვეობით განახორციელა.

3 იანვარს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და იურიდიულ კომპანია შპს "აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ღირებულებაა 42 000 ლარი. ნიკოლოზ ბაკაშვილის ფირმა 27 იანვრამდე წარმოადგენს დასკვნას, სწორედ, ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ხარჯვის თაობაზე. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, აუდიტორიული კომპანია გრანტის გამცემთან ერთად შეარჩიეს.

როგორც qartli.ge წერდა, გორის მერიამ გრანტი, დაახლოებით 600 000 ევროს ოდენობით 2018 წლიდან მიიღო და მისი ხარჯვის უფლება 2021 წლის იანვრამდე ჰქონდა. მერიას თანხის ათვისება 2 წელიწადში უნდა მოეხდინა.

პროექტის ფარგლებში უნდა შექმნილიყო ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტში, მათ შორის, რეკრეაციის პარკი ქალაქის ცენტრში, ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო სივრცეები, პარკინგი, ველოინფრასტრუქტურა თუ სახელოსნოები.

პროექტის პარტნიორის - გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზემის ტერიტორიაზე 200 კვ.მ ტერიტორია გამოიყო საკვებისა და სუვენირების დასამზადებელი სივრცის მოსაწყობად. მომზადდა სტაჟირებისა და ტრენინგების მოდულები ახალგაზრდებისთვის/სტუდენტებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნა სატრენინგო სივრცეები.

ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უნდა შექმნილიყო ბიზნეს კონსულტირების სერვისი, რომლით სარგებლობაც უფასოდ იქნებოდა ხელმისაწვდომი პროექტის განმავლობაში.

აუდიტორიული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე - qartli.ge

შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია” არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ფუნქციონირებს ბაზარზე. შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია” დაფუძნებულია 1995 წლის 18 აგვისტოს ქ. თბილისში. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს და უცხოეთის სამეურნეო სუბიექტების, ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, დაბეგვრის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტორული შემოწმება და კონსულტაციები ეკონომიკური ქცევის კონცეპტუალურ მიმართულებებისა და დაბეგვრის საკითხებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები