ახალი ამბები
ლუკა თხილავა – მომავალი მსახიობი სამთავისიდან
სახლში თავისი კუთხე აქვს მოწყობილი. კედელზე სხვადასხვა პერიოდის ნივთებია გაკრული. სარკესთან მსახიობისთვის საჭირო მასალები აწყვია. მაგიდაც, რომელიც ჭიქებითა და თეფშებითაა გაწყობილი, ძველისძველია, – სპექტაკლისთვის საჭირო თითქმის ყველა სახის დეკორაციაა წარმომდგენილი ერთ პატარა ოთახში. ვიდრე იქ აღმოჩნდებით, ჯერ ბებოს ოთახი უნდა გაიაროთ.

ეს ყველაფერი 16 წლის ლუკა თხილავას გარემოა. მომავალი მსახიობი სამსახიობო ოსტატობას ეუფლება და სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას.

იხსენებს, რომ ძალიან მცირე ასაკში სურდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო. შემდეგ როდესაც მამამ ცირკში წაიყვანა, ცირკის მსახიობით მოინუსხა. სკოლის პირველ წლებში უკვე სასკოლო წარმოდგენების მთავარი გმირი გახდა. დღეს რომ მსახიობობაზე ოცნობებს, ეს გარკვეულწილად სკოლის ქართული ენის მასწავლებლის დამსახურებაცაა. ღონისძიებებს ლუკას წარმოდგენების გარეშე არ მართავდა:

,,ერთხელ ისე გამომაცხადეს, რომ წინასწარ არ ვიცოდი. არ მინდოდა ლექსის თქმა და რომ ვერაფერს გავხდი, ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი“- იხსენებს ლუკა.

ლუკა თხილავა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში ცხოვრობს. ამჟამად მე-12 კლასშია. კვირაში რამდენიმე დღე თბილისში დადის, სწორედ, სამსახიობო ოსტატობის დასაუფლებად. თავისუფალ თეატრში და თეატრი ათონელზე ორ სპექტაკლში უკვე მიიღო მონაწილეობა.

,,მსახიობობა ძალიან რთულია, დიდ შრომას მოითხოვს. არ არის ადვილი. სულ რომ დასავლეთ საქართველოში ვცხოვრობდე, მაინც ვივლიდი თბილისში. იმდენად მიყვარს ეს საქმე. დედაც და მამაც ხელს მიწყობენ. მართალია, ჩემი პროფესიული არჩევანი არ მოწონთ, მაგრამ ჩემ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.“ - ამბობს ლუკა. იგი ეთანხმება მშობლების წუხილს იმაზე, რომ მსახიობობით დიდი შემოსავალი არ ექნება, მაგრამ ეს ლუკას არჩევანია.

სამთავისში, როგორც ლუკა ამბობს, ახალგაზრდული სივრცე არ არსებობს. სკოლის გარდა, მოსწავლეებისთვის კულტურული ღონისძიებები არსად იმართება. ერთადერთი კულტურის სახლის ძველი შენობაც, ნაცვლად ძველი იერსახის დაბრუნებისა, ეპარქიას გადასცეს.

,,ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, რა უნდა. რისთვის მოევლინა ამ ქვეყანაზე; რა უნდა აკეთოს...სოფელს სჭირდება დაწესებულება, სადაც წარმოდგენას უყუროს, სპექტაკლი ნახოს, მუსიკალური საღამოები ეწყობოდეს, კინო გაიმართოს, ეს ძალიან აუცილებელია, რაც აკლია ყველა სოფელს საქართველოში და ძალიან კარგი იქნება, მთავრობა ამას მიაქცევს ყურადღებას“ - ამბობს ლუკა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დროის გარკვეულ ნაწილს თბილისამდე მგზავრობაში ატარებს. ავტობანზე ჩადის და ავტოსტოპით დედაქალაქში მიდის. გზად უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვედრია:

,,აჩერებენ ადამიანები და მივყავარ, სხვათა შორის, შემხვდა ბევრი ადამიანი, ვინც არის ხელოვანი ერთხელ შემხვდა ოპერის მომღერალი და ისეთი საინტერესო საუბარი შედგა იმან გამიზიარა თავისი გამოცდილება, მე – ჩემი. მერე სოციალურ ქსელშიც დავიმატე და დღეს გვაქვს კონტაქტი და ვმეგობრობთ.“ - გვიყვება ლუკა თხილავა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები